Accessibility links

როგორ მუშაობს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა აშშ-ში?


დონალდ ტრამპი და ნენსი პელოსი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიული უმრავლესობა გამოვიდა ინიციატივით, ჩატარდეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან უცხო სახელმწიფოს ლიდერზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტის გამოძიება, რომელსაც შედეგად შესაძლოა მოჰყვეს იმპიჩმენტის, ანუ პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების, პროცედურის დაწყება.

ამის თაობაზე 24 სექტემბერს განაცხადა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, დემოკრატმა ნენსი პელოსიმ, რომელმაც აღნიშნა, რომ „კანონზე მაღლა არავინ დგას“.

ამ ნაბიჯს მხურვალე მხარდაჭერა აქვს დემოკრატ კანონმდებლებს შორის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სკანდალს მოჰყვა დონალდ ტრმპის აღიარება, რომ მან სთხოვა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, გამოიძიონ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტისა და დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯო ბაიდენის, შვილის საქმიანობა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დემოკრატების მიერ ინიცირებულ საიმპიჩმენტო გამოძიებას უწოდა „კუდიანებზე ნადირობა“ და განაცხადა, რომ 25 ივლისს პრეზიდენტ ზელენსკისთან გამართული სატელეფონო საუბარი იყო „ძალიან მეგობრული და სრულიად კანონზომიერი“ .

ამ ფონზე ღირს თვალი გადავავლოთ იმპიჩმენტის კონსტიტუციურ პროცედურას, მის ისტორიას და პერსპექტივას, დღევანდელი რეალობისა და აშშ-ის კონგრესში არსებული ძალთა თანაფარდობის გათვალისწინებით.

რისთვისაა საჭირო იმპიჩმენტი?

პირდაპირი იმპიჩმენტის საფუძველზე აშშ-ში არასდროს არ გადაუყენებიათ არც ერთი პრეზიდენტი, რომლის მიმართაც ეს საკონსტიტუციო პროცესი ამოქმედებულა.


აშშ-ის დამფუძნებლებმა, რომლებმაც პრეზიდენტის ინსტიტუტს ჩაუყარეს საფუძველი, სახელმწიფო მეთაურის მხრიდან თანამდებობის შესაძლო ბოროტად გამოყენების შიშით, კონსტიტუციაში შეიტანეს მოქმედი პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურა. კონსტიტუციის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენება შეიძლება მოხდეს „სახელმწიფო ღალატის, მექრთამეობის და სხვა მძიმე დანაშაულისა და მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამო“.

მაგრამ, როგორც „როიტერსი“ წერს, საკითხი არ არის მკაფიოდ განმარტებული. ისტორიულად ისე მოხდა, რომ ეს შესაძლოა ნიშნავდეს როგორც კორუფციას, ისე საზოგადოების ნდობით ბოროტად სარგებლობის სხვა შემთხვევებს.

სამართლის ბევრი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ აშშ-ის არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით უცხო ქვეყნის ლიდერზე ზეწოლა იმგვარი ქმედებაა, რომელსაც სახელმწიფოს დამფუძნებლები საიმპიჩმენტო დანაშაულად ჩათვლიდნენ.

როგორ გამოიყურება საიმპიჩმენტო პროცედურა?

100-კაციანი სენატის ხმათა ორი მესამედი სჭირდება პრეზიდენტის დამნაშავედ ცნობას და თანამდებობიდან მის გადაყენებას.


„იმპიჩმენტის“ შესახებ მცდარია წარმოდგენა, თითქოს იგი ნიშნავდეს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას. სინამდვილეში იმპიჩმენტი ნიშნავს წარმომადგენელთა პალატის, ანუ კონგრესის ქვედა პალატის მიერ წარდგენილ ბრალდებას, რომელიც სისხლის სამართლის საქმეზე საბრალდებო დასკვნის მსგავსია.

დაუსრულებელი დებატების თემაა ის, თუ როგორ ხდება საიმპიჩმენტო გამოძიების დაწყება. დუგლას კოლინზი, მართლმსაჯულების კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი წევრი, ამტკიცებს, რომ საიმპიჩმენტო გამოძიება ოფიციალურად ვერ დაიწყება მანამ, სამან გადაწყვეტილებას კენჭს არ უყრის ქვედა პალატის მთელი შემადგენლობა, დემოკრატი კანონმდებლები კი აცხადებენ, რომ ასეთი კენჭისყრა არ არის აუცილებელი.

საიმპიჩმენტო გამოძიებას, ისტორიულად, წარმომადგენელთა პალატის მართლმსაჯულების კომიტეტი ახორციელებს, მაგრამ დემოკრატიული პარტიის ლიდერებს ასევე შეუძლიათ, რომ თავიანთ მიერ შერჩეულ დროებით კომიტეტს დააკისრონ ამ პროცესის წარმართვა.

თუ წარდგენილ ბრალდებას, ანუ „იმპიჩმენტის შესახებ მუხლს“, მხარს დაუჭერს 435-კაციანი წარმომადგენელთა პალატის უბრალო უმრავლესობა, პროცესი გადაინაცვლებს სენატში, კონგრესის ზედა პალატაში, რომელმაც უნდა ჩაატაროს სასამართლო პროცესი პრეზიდენტის ბრალეულობის დასადგენად.

ამასთან, სასამართლო პროცესში წარმომადგენელთა პალატის წევრებს ეკისრებათ პროკურორების როლი, ხოლო სენატორებს - ნაფიცი მსაჯულების; პროცესს უძღვება აშშ-ის უზენაესი სასამართლოს უმაღლესი მოსამართლე.

100-კაციანი სენატის ხმათა ორი მესამედი სჭირდება პრეზიდენტის დამნაშავედ ცნობას და თანამდებობიდან მის გადაყენებას.

კანონმდებლები არ არიან ვალდებული წარმოადგინონ თავიანთი არგუმენტები, მოქმედებენ რა სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში არსებული სტანდარტული მტკიცებულების - გონივრული ეჭვის - ფარგლებში.

ამჟამინდელი თანაფარდობა კონგრესში

ამასთან, სენატში რესპუბლიკელთა უმრავლესობას ყოველგვარი არგუმენტების განხილვის გარეშე შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ტრამპისათვის წარდგენილი ბრალდებების დაუყოვნებლივ მოხსნის შესახებ.



კონგრესის წარმომადგენელთა პალატა 235 დემოკრატის, 199 რესპუბლიკელისა და ერთი დამოუკიდებელი კანდიდატისაგან შედგება. ასეთი თანაფარდობის შედეგად, დემოკრატ კანონმდებლებს რესპუბლიკელების მხარდაჭერის გარეშეც შეუძლიათ დონალდ ტრამპისათვის იმპიჩმენტის გამოცხადება.

კლინტონს ადანაშაულებდნენ თეთრ სახლში მომხდარი სექსუალური სკანდალის თაობაზე დაწყებული გამოძიების დროს მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლასა და ცრუ ჩვენებების მიცემაში.

1998 წელს, როდესაც ქვედა პალატაში უმრავლესობა რესპუბლიკელებს ეკუთვნოდათ, საკანონმდებლო ორგანომ სწორედ პარტიული შემადგენლობით უყარა კენჭი ბილ კლინტონის მიმართ იმპიჩმენტის გამოცხადებას.

მაგრამ წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრიდან ორთვე-ნახევარზე მეტი დასჭირდა კლინტონის იმპიჩმენტის პროცედურის დაძვრას და სენატში იმპიჩმენტის დაწყებას.

დღეს სენატი 53 რესპუბლიკელის, 45 დემოკრატისა და ორი დამოუკიდებელი, დემოკრატების პოზიციის მხარდამჭერი, კანონმდებლისგან შედგება. ამგვარად იმპიჩმენტით დონალდ ტრამპის თანამდებობიდან გადაყენებას, უკლებლივ ყველა დემოკრატისა და დამოუკიდებელი სენატორის გარდა, ასევე 20 რესპუბლიკელის მხარდაჭერაც სჭირდება.

ამასთან, სენატში რესპუბლიკელთა უმრავლესობას ყოველგვარი არგუმენტების განხილვის გარეშე შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ტრამპისათვის წარდგენილი ბრალდებების დაუყოვნებლივ მოხსნის შესახებ.

პირდაპირი იმპიჩმენტის საფუძველზე აშშ-ში არასდროს არ გადაუყენებიათ არც ერთი პრეზიდენტი, რომლის მიმართაც ეს საკონსტიტუციო პროცესი ამოქმედებულა. ერთ-ერთმა მათგანმა, რიჩარდ ნიქსონმა, 1974 წელს თავად დატოვა პოსტი, ვიდრე იმპიჩმენტის წინაშე აღმოჩნდებოდა. ორი მათგანის - პრეზიდენტ ენდრიუ ჯონსონისა (1868 წელს) და პრეზიდენტ ბილ კლინტონის (1998 წელს) -მიმართ იმპიჩმენტის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა წარმომადგენელთა პალატამ, მაგრამ სენატმა ისინი არ ცნო დამნაშავეებად.

თუ ტრამპს გადააყენებენ, ვინ უხელმძღვანელებს ქვეყანას?

დონალდ ტრამპისთვის საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადაზე ადრე, ანუ 2021 წლის20 იანვრამდე, შეწყვეტის შემთხვევაში, სახელმწიფოს გაუძღვება ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი. აშშ-ის კონსტიტუციის 25-ე მუხლის თანახმად, ვიცე-პრეზიდენტს ეკისრება პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება იმ შემთხვევაშიც, თუ სახელმწიფო მეთაური მოკვდება ან უუნარო გახდება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG