Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კურიერი" ეთერში დაბრუნდა - საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ნათია ლაზაშვილია


„24 წლის წინ მე ვიყავი ის ჟურნალისტი, რომელმაც, რა თქმა უნდა, კოლეგებთან ერთად პირდაპირ ეთერში გაიყვანა „რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახური. ზუსტად 13 წლის წინ მე ამ ტელევიზიის დატოვება მომიხდა. ვბრუნდები, რადგან ვთვლი, რომ ეს ტელევიზია არ უნდა იყოს გათიშული. იმედი მაქვს, რომ ეს იყო პირველი და უკანასკნელი შემთვევა, როდესაც „კურიერმა" მუშაობა შეწყვიტა", - ამ სიტყვებით გახსნა ნათია ლაზაშვილმა „რუსთავი 2"-ის საინფორმაციო გამოშვება.

„კურიერის" ყოფილი და ახლა უკვე მოქმედი წამყვანი ნათია ლაზაშვილი 2013 წელს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის აპარატის მრჩეველი იყო.

1995 წლიდან სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გადაცემა „კურიერი“ მიჰყავდა, მან „რუსთავი 2“ 2006 წელს პროტესტის ნიშნად დატოვა, მას შემდეგ, რაც გაათავისუფლეს არხის გენერალური დირექტორი ნიკა ტაბატაძე.

2012 წელს წელს ნათია ლაზაშვილს ტელეკომპანია „მეცხრე არხში“ საინფორმაციო გამოშვება მიჰყავდა, საიდანაც 8 თვის თავზე ასევე პროტესტის ნიშნად წამოვიდა.

ნათია ლაზაშვილი იყო თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მიერ 2007 წელს დაფუძნებული პარტია „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ წევრი, 2008 წელს პარტია დამფუძნებელთა დიდმა ნაწილმა დატოვა.

20 აგვისტოს შემდეგ „კურიერი" ეთერში აღარ გასულა. სამაუწყებლო კომპანია „კურიერის“ ძირითადმა გუნდმა დატოვა.

თავდაპირველად „რუსთავის 2"-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ტელეკომპანიიდან გაათავისუფლა რამდენიმე ჟურნალისტი. მათ შორის, საინფორმაციო გამოშვების ხელმღვანელი ნოდარ მელაძე. შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ კი გათავისუფლდებიან საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარი პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი; პოლიტიკური გადაცემების წამყვანი გიორგი გაბუნია და ეკა კვესიტაძე და ასევე „ნანუკას შოუს“ წამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი. მათი გათავისუფლების მიზეზად "ინტერესთა კონფლიქტი" დასახელდა.

20 აგვისტოს, პირდაპირ ეთერში, პროტესტის ნიშნად დატოვეს არხი მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG