პრემიერმინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში ილაპარაკა დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის 26 სექტემბრის შეხვედრის შესახებ:
„ყველამ კარგად დაინახა, რომ აუცილებელი იყო და რჩევაც არსებობდა, რომ აუცილებელია კონტაქტი, რომელიც მიმართული იქნება დეესკალაციისკენ. რაც შეეხება შვეიცარიის მონაწილეობას, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ შვეიცარია წლების განმავლობაში იცავს საქართველოს ინტერესებს, ქართული ინტერესების გამომხატველია და მათი ინიციატივით ეს კომუნიკაცია შედგა.
რა თქმა უნდა, ამ შემოთავაზების ფონზე იყო კომუნიკაცია სტრატეგიულ პარტნიორებთან. ჩვენ გაცხადებული საერთაშორისო პოლიტიკა გვაქვს, რომ ოკუპაციასთან მიმართებაში ვმოქმედებთ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით და მათთან კოორდინაციით და შესაბამისად, მხოლოდ ამის შემდეგ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ მოვახდინოთ არსებული ვითარების დეესკალაცია“.
26 სექტემბერს ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შედგა საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. შეხვედრის ორგანიზატორი იყო შვეიცარიის კონფედერაცია. ფაქტის შესახებ მოკლე ცნობები გაავრცელეს ჯერ რუსეთის და შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებმა, აგრეთვე შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო უწყებამ.