Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს დეპუტატები მოუსმენენ მამუკა ვასაძეს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს


დღეს, 27 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაგრძელდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი. დეპუტატების კითხვებს უპასუხებს გენერალური პროკურორის მოადგილე, მამუკა ვასაძე.

დეპუტატები მისთვის კითხვების დასმას სწორედ საქმიანობიდან გამომდინარე აპირებენ. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი აცხადებს, არის საკითხები, რომლებიც აუცილებელია „გაჟღერდეს“.

„ჩვენ მოვუსმენთ მამუკა ვასაძეს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს. რა თქმა უნდა არის საკითხები, რომლებიც გვექნება დასასმელი მის წინაშე და დაველოდებით პასუხს. არის საკითხები, რომლებიც, ჩვენი აზრით, აუცილებელია, გაჟღერდეს, ვინაიდან გვაქვს გარკვეული კითხვები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

„ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კი აცხადებენ,რომ გენერალური პროკურორის მოადგილე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად მათთვის მიუღებელია.

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი საქართველოს პარლამენტში 23 სექტემბერს დაიწყო. დეპუტატებმა შეკითხვები უკვე დაუსვეს 4 კანდიდატს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეებს თამარ ალანიას, მერაბ გაბინაშვილს, შოთა გეწაძეს და მირანდა ირემაძეს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი კენჭისყრით 4 სექტემბერს შეარჩია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG