Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საელჩო სოხუმის დაცემაზე: განვაგრძობთ საქართველოს გვერდში დგომას


ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში სოხუმის დაცემის 26-ე წლისთავს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ განაგრძობს საქართველოს გვერდში დგომას:

„26 წელი გავიდა 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღიდან.


ჩვენ პატივს მივაგებთ ათობით ათასი დაღუპულის ხსოვნას და ასობით ათას ადამიანს, რომელმაც იძულებით დატოვა სახლ-კარი.
ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი მეგობრის, საქართველოს გვერდში დგომას და ვიზიარებთ ამ დღის მწუხარებას“
, - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო.

საელჩო ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან პატივის მიგების ამსახველ ფოტოებსაც აქვეყნებს.

სოხუმის დაცემიდან დღეს, 27 სექტემბერს, 26 წელი შესრულდა.

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო მას შემდეგ, რაც სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად, სახელმწიფო საბჭოს მიერ გაგზავნილ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა გვარდიამ.

აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს დასრულდა საქართველოს შეიარაღებული ძალების დამარცხებით. დაუზუსტებელი მონაცემებით, შეიარაღებულ კონფლიქტს ემსხვერლა 13 ათასზე მეტი ადამიანი. აფხაზეთიდან დევნილად იქცა 300 ათასამდე ადამიანი.

შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას თბილისში, გმირთა მემორიალთან და საქართველოს სხვა ქალაქებში პატივი მიაგეს ხელისუფლების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა.

XS
SM
MD
LG