Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტი უმუშევარი დარჩა მინისტრ შოიგუს კრიტიკის გამო


ვლადიმირ პუტინი, სერგეი შოიგუ და პატრიარქი კირილე
ვლადიმირ პუტინი, სერგეი შოიგუ და პატრიარქი კირილე

რუსულმა გაზეთმა „იზვესტიამ“ სამხედრო მიმომხილველ ილია კრამნიკთან კონტრაქტი აღარ გააგრძელა, ხოლო მანამდე საიტიდან მოხსნა სტატია, სათაურით „პიარი და მისი რაზმი: სერგეი შოიგუს მიღწევა თავდაცვის მინისტრის პოსტზე“.

მასალაში კრამნიკმა გააკრიტიკა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციული კარჩაკეტილობა და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს, პოსტულატი, რომ სწორედ მის დროს იქნა გამოყვანილი არმია „სისტემური კრიზისიდან“.

„აბა რა, რას ელოდით?

სამუშაოს ვეძებ. კონტრაქტი ამოიწურა და აღარ გააგრძელეს“ , - დაწერა თავის ფეისბუკში ჟურნალისტმა, რომელმაც, ვიდრე რედაქცია მოასწრებდა და საიტიდან აიღებდა, თავის ფეისბუკგვერდზე კრიტიკული სტატია გამოაქვეყნა.


რადიო თავისუფლებასთან საუბარში ილია კრამნიკმა აღნიშნა, რომ სტატიის აღების შესახებ მას „იზვესტიის“ საიტის რედაქტორმა მიხაილ პაკმა აცნობა. ჟურნალისტი ამბობს, რომ არ იცის, რა არის ასეთი გადაწყვეტილების კონკრეტული მიზეზი, მაგრამ აშკარაა გარკვეული „ადმინისტრაციული ზეწოლა“ რუსეთის თავდაცვის მინისტრის აპარატის მხრიდან.

„კრიტიკისათვის სივრცე აღარ რჩება. თუ ჩემს ამ სტატიას ავიღებთ, პოტენციური ცენზორის თვალითაც რომ წავიკითხოთ, ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა მოეხსნათ იგი, ნებისმიერი, თუნდაც მიკერძოებულად აღქმული, სახელმწიფო ინტერესებიდან თუ გამოვალთ. მაგრამ მესმის, თუ რატომ უნდა ყოფილიყო ამის გაკეთება საჭირო, თავდაცვის სამინისტროში ცალკეული მოხელეების პირადი ინტერესებიდან გამომდინარე. ვგულისხმობ არა თავად მინისტრს, არამედ ადამიანებს მისი გარემოცვიდან. მაგრამ ჩემს საქმიანობაში მათ ინტერესებს ანგარიშში ვერ მოვიღებ“, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ჟურნალისტმა ილია კრამნიკმა.

ვინ და რისგან ისხნა რუსეთის არმია?

ჟურნალისტი აცხადებს, რომ იგი სულაც არ თვლის სერდიუკოვს უდანაშაულოდ და არ აპირებს მის „დაცვას ან განსჯას“, მით უფრო, რომ რუსეთის არმიაში ყოველთვის იპარავდნენ, პეტრე პირველიდან მოყოლებული დღემდე.
ილია კრამკინი


ყველაფერი იმით დაიწყო, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, შოიგუმ, რომელსაც ამ პოსტზე ყოფნის 7 წლის განმავლობაში ვრცელი ინტერვიუ არც ერთი გამოცემისთვის არ მიუცია, 24 სექტემბერს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა გაზეთ „მოსკოვსკი კომსომოლეცს“. სამხედრო უწყების ხელმძღვანელი თავის დამსახურებად მიიჩნევს არმიის სისტემურ რეფორმირებას, რუსეთის არმიის ბრძოლისუნარიანობის გაზრდას და სამხედრო ნაწილებში ყოფითი პირობების გაუმჯობესებას. ინტერვიუს მყვირალა სათაური აქვს: „სერგეი შოიგუმ გვაიმბო, თუ როგორ შველოდნენ რუსეთის არმიას“.


თავის საავტორო კომენტარში სტაჟიანმა სამხედრო მიმომხილველმა, ილია კრამნიკმა, აღნიშნა, რომ სერგეი შოიგუს მართლაც მიუძღვის წვლილი სამხედრო მშენებლობაში შეტანილ პოზიტიურ ცვლილებებში, თუმცა, მისი აზრით, არაკორექტულია „არმიის აღორძინების პროცესის დაწყება დაუკავშირდეს თავდაცვის მინისტრის პოსტზე სერგი შოიგუს დანიშვნას“.

ჟურნალისტმა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ე. წ. „მედია-პულში“ შემავალ სხვა კოლეგებთან ერთად ადევნებდა თვალს რუსეთის არმიაში მიმდინარე წვრთნებსა და მოულოდნელ საინსპექციო შემოწმებებს, გაიხსენა შოიგუს წინამორბედი, ანატოლი სერდიუკოვი, რომლის სახელსაც უკავშირდება - პირველად რუსეთში - სამხედრო სამსახურის პირობების გაუმჯობესება.

„სწორედ მაშინ - 2009-2014 წლებში - დაიწყო არმიის გადაიარაღება, სამხედრო ტექნიკასა და შეიარაღებაზე მსხვილი კონტრაქტების გაფორმება... სერდიუკოვის დროს იქნა მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება შეიარაღებული ძალების სტრუქტურისა და მართვის შეცვლის თაობაზე, დაიწყო სახმელეთო ჯარების ორგანიზების გადასვლა და სხვ,“, - წერს რუსი სამხედრო ჟურნალისტი, რომელიც დასძენს, რომ იმ მომენტისათვის, როდესაც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს კვლავ მოუხდა საბრძოლო ამოცანის შესრულება (2014 წელს ყირიმში და 2015 წლის შემოდგომაზე სირიაში), „რეფორმის პროცესი უკვე მთელი ძალით იყო გაშლილი და წლების განმავლობაში გრძელდებოდა“.

ილია კრამნიკის ასეთი კომენტარმა და განსაკურებით ანატოლი სერდიუკოვის ხსენებამ, სერდიუკოვისა, რომელიც თავის დროზე თანამდებობიდან გადააყენეს სახელმწიფო კონცერნ „ობორონსერვისთან“ დაკავშირებული კორუფციული დანაშაულის გამოძიების ფარგლებში, - როგორც ჩანს ძალიან გააღიზიანა რუსეთის გავლენიანი თავდაცვის მინისტრი და მისი გარემოცვა.

ჟურნალისტი აცხადებს, რომ იგი სულაც არ თვლის სერდიუკოვს უდანაშაულოდ და არ აპირებს მის „დაცვას ან განსჯას“, მით უფრო, რომ რუსეთის არმიაში ყოველთვის იპარავდნენ, პეტრე პირველიდან მოყოლებული დღემდე.

„ვთქვათ ასე, შოიგუ, არსებითად, რეპუტაციის შენარჩუნების ოსტატია. თუ გავიხსენებთ საგანგებო სიტუაციათა სამინისტროში მისი ხელმძღვანელობის პერიოდს, მაშინაც შოიგუს, როგორც ლიდერის, პიროვნული იმიჯი და მისი ეფექტიანი უწყების იმიჯი სრულიად არ უშლიდა ხელს იმას, რომ დიდი მითქმა-მოთქმის საგანი ყოფილიყო МЧС-ში თანამდებობის ბოროტად გამოყენების კოლოსალური მასშტაბები“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ილია კრამნიკი და აცხადებს, რომ სწორედ შოიგუს წინამორბედის დროს დაიწყო სამხედრო სამსახურის „ჰუმანიზაციის“ პროცესი, რამაც ჯარისკაცები სამეურნეო ფუნქციების (ყაზარმებისა და საპირფარეშოების დალაგება, ქუჩების დახვეტა) შესრულებისგან გაათავისუფლა.

არმიის ჰუმანიზაციიდან მის სრულ კარჩაკეტილობამდე

საგრძნობლად შემცირდა ჟურნალისტების დაშვება სამხედრო ობიექტებზე, სწავლებებსა და მანევრებზე, ხოლო „მედია-პულში“ ხვდებიან მხოლოდ ლოიალურად განწყობილი გამოცემების ჟურნალისტები.
ილია კრამკინი


სტატიაში, რომელიც „იზვესტიამ“ თავისი საიტიდან მოხსნა და რისთვისაც, ფაქტობრივად, ჟურნალისტი უმუშევარი დარჩა, ილია კრამნიკი სერგეი შოიგუს ადანაშაულებს იმაში, რომ მისი მინისტრობის დროს სამხედრო უწყებამ „უარი თქვა დიალოგის ფორმატზე“ და ინფორმაციული საქმიანობის “პროპაგანდისტულ ფორმებზე“ გადავიდა.

„თუ გავაანალიზებთ სამხედრო უწყების საქმიანობას მის მიერ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით, შეიქმნება შთაბეჭდილება, რომ [რუსეთის] შეიარაღებული ძალების საქმიანობის ძირითად დანიშნულებას წარმოადგენს სამხედრო-პატრიოტული და სამხედრო-სპორტული ღონისძიებების გამართვა. საგრძნობლად შემცირდა ჟურნალისტების დაშვება სამხედრო ობიექტებზე, სწავლებებსა და მანევრებზე, ხოლო „მედია-პულში“ ხვდებიან მხოლოდ ლოიალურად განწყობილი გამოცემების ჟურნალისტები, მაშინ როდესაც 2007-2012 წლებში ამავე „პულებში“ შედიოდნენ ისეთი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებიც, რომელთაც ოპოზიციურად მიიჩნევენ“, - წერს ილია კრამნიკი.

ჟურნალისტის დაკვირვებით, 2012 წელთან შედარებით, „შესამჩნევად დეგრადირდა“ საერთაშორისო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი მოსკოვის კონფერენცია. შეწყვეტილია საექსპერტო-ანალიტიკური მუშაობა სამხედრო უწყების „თეთრი წიგნის“ გამოსაცემად, რაც იმაზე მიუთითებს, „რომ სამხედრო უწყებას ან არაფერი აქვს სათქმელი, ანდა არ ჰყოფნის ჭკვიანი ხალხი ამ საქმის ბოლომდე მისაყვანად“.

სტატიის ბოლოს რუსი ჟურნალისტი ირონიულად დაასკვნის, რომ ვითარებაში, როდესაც რუსეთის სამხედრო უწყების მოქმედ ხელმძღვანელობას აღარ ჰყავს „ორგანიზებული საინფორმაციო ოპოზიცია“, თავდაცვის სამინისტრომ წარმატებით გადაწყვიტა თავის წინაშე დასახული „საინფორმაციო უზრუნველყოფის“ ამოცანა.

„საინფორმაციო კონსენსუსის შედეგად, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს წინაშე მდგარი ამოცანები წყდება ზუსტად და დროულად, ცალკეული ინციდენტები მხედველობაში არ მიიღება. თუ რა ხება სინამდვილეში შეიარაღებულ ძალებში, ძნელი დასადგენია - უწყების საინფორმაციო რელიზები სპარტაკიადებისა და სამძებრო ექსპედიციების შესახებ არ არის ძალიან ინფორმაციული. სამაგიეროდ, ინტერვიუს მიცემა, რა თქმა უნდა, უფრო იოლია“, - წერს ილია კრამნიკი.

სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში გაზეთმა „იზვესტიამ“ აკრძალა დაშვება რუსეთის თავდაცვის მინისტრის კრიტიკის შემცველ პუბლიკაციაზე.

აქამდე ჟურნალისტებმა ვერ მიიღეს პასუხი გამოცემა „იზვესტიის“ პრესსამსახურისაგან, თუ რა გახდა ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი.

მაგრამ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთში ჟურნალისტი ხდება განტევების ვაცი მის მიერ მთავრობის წევრის საქმიანობის გაკრიტიკებისათვის.

  • მაისში გაზეთ „კომერსანტის“ სპეციალური კორესპონდენტი ივან საფრონოვი და პოლიტიკური განყოფილების რედაქტორის მოადგილე მაქსიმ ივანოვი გაათავისუფლეს სამსახურიდან ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის, ვალენტინა მატვიენკოს, შესაძლო გადადგომის შესახებ სტატიის გამო.
  • კოლეგებისადმი სოლიდარობის ნიშნად „კომერსანტი“ დატოვა ათმა ჟურნალისტმა და გაზეთის მთავარი რედაქტორის მოადგილემ, გლებ ჩერკასოვმა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG