Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქეთევან ციხელაშვილი ზალკალიანი - ლავროვის შეხვედრაზე: ვფიქრობ, გადაიდგა ძალიან სწორი ნაბიჯი


ქეთევან ციხელაშვილი
ქეთევან ციხელაშვილი

ქეთევან ციხელაშვილი, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ამბობს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სწორი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო და მის შედეგებს უნდა დაველოდოთ:

„შვეიცარია დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, თქვენ იცით, რომ სწორედ მედიატორის როლს ასრულებს და სწორედ შვეიცარიის ინიციატივით მოხდა ეს შეხვედრა. ქართულმა მხარემ განიხილა პარტნიორებთან და დათანხმდა. ვფიქრობ, გადაიდგა ძალიან სწორი ნაბიჯი.

საერთოდ, ჩვენ განვაცხადეთ, რომ ყველა ნაბიჯი უნდა გადავდგათ და გადავდგამთ, რომელიც ემსახურება საქართველოს ინტერესებს, იმისთვის, რომ კონფლიქტი მოგვარდეს მშვიდობიანად და ომის გარეშე. ყველა ნაბიჯი, რა თქმა უნდა, არის მისაღები“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში ქეთევან ციხელაშვილმა. მისი თქმით, ყველაფერი გაკეთდება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ამოცანებსა და მიზნებთან დასაახლოებლად:

„ამ შემთხვევაში ორი რამ გამოიკვეთა: პირველი ის, რომ საუბარი იმ ფორმატებში და თუნდაც ასე, გაეროში, მისაღებია. ჩვენ არსად გავურბივართ და მზად ვართ ყოველგვარი დიალოგისთვის. ჩვენ ამასვე ვაკეთებთ ჟენევაში, რომ მოგვარდეს პრობლემები. მეორე ის, რომ ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ, ვიცით, რა საკითხებზე და რისთვის ვსაუბრობთ.

სწორედ ეს საკითხები იყო ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ განხილული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ძალიან ცხელი ზაფხული იყო, მიმდინარე პერიოდშიც გრძელდება ძალიან მძიმე შეზღუდვები, მათ შორის განსაკუთრებით მტკივნეულია ჰუმანიტარული პრობლემები, რომელიც გადაკეტილი გადასასვლელებისა თუ სხვა ინციდენტის დროსაა.

ჩვენ გულხელდაკრეფილი ვერ და არ ვიქნებით, გადავდგამთ ყველა ნაბიჯს, რომელიც ცოტათი მაინც დაგვაახლოებს ამოცანებთან და მიზანთან, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას უკავშირდება. მოლოდინი, რომ ამ ერთი შეხვედრით შეიძლება მოვაგვაროთ პრობლემები, რა თქმა უნდა, არარეალისტურია, მაგრამ ვფიქრობ, კარგი იყო ამ შესაძლებლობის გამოყენება, რაც ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც შესაბამისად იქნა აღქმული“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა 26 სექტემბერს გაიმართა.

XS
SM
MD
LG