„შერჩევითი სამართალი სირცხვილია“ - სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“ 28 სექტემბერს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქციის გამართვას აპირებს.
შეკრების ორგანიზატორები აცხადებენ:
- „20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებულ სპეცრაზმელს, ლევან იმერლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალა.
- სპეცრაზმელი დარბაზიდან გაათავისუფლეს. სასამართლომ ბრალდებულს 10 000-ლარიანი გირაო დააკისრა.
- სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, მიზეზად კი ლევან იმერლიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.
- პარალელურად, ციხეში რჩებიან 20 ივნისის გავრილოვის პატიმრები. ადამიანები, რომლებიც ჯგუფური ძალადობის ბრალდებით ელოდებიან საბოლოო განაჩენს.
- ლევან ჯიქურისა და ბესიკ თამლიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, თუმცა მოსამართლემ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაითვალისწინა ახალ გარემოებად და ისინი კვლავ რჩებიან პატიმრობაში.
- ლევან ჯიქური ვერ გადაადგილდება ეტლის გარეშე და პარალიზებული აქვს სხეულის ნახევარი“.
27 სექტემბერს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს, ლევან იმერლიშვილს, რომელიც 20-21 ივნისის საქმეზე არის ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ 10 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა.