Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის მედია: გადადგა უკრაინაში აშშ-ის საგანგებო წარგზავნილი კურტ ვოლკერი


კურტ ვოლკერი
კურტ ვოლკერი

აშშ-ის საგანგებო წარგზავნილი უკრაინაში, კურტ ვოლკერი გადადგა რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც ჩართული აღმოჩნდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საკამათო გადაწყვეტილებაში, შეეჩერებინა კიევისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარება. ამის თაობაზე იტყობინება აშშ-ის მედია.

„სი-ენ-ენი“ და „ნიუ-იორკ ტაიმსი“ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იუწყებიან, რომ ვოლკერი გადადგა.

ამის თაობაზე ოფიციალური ცნობა არ გავრცელებულა და რადიო თავისუფლების თხოვნას კომენტარის შესახებ, ვოლკერმა ჯერჯერობით პასუხი არ გასცა.

ვოლკერის სახელი ნახსენებია ანონიმი ინფორმატორის საჩივარში, სადაც შეშფოთება იყო გამოხატული ტრამპის კავშირებზე უკრაინასთან და მის გადაწყვეტილებაზე, შეეჩერებინა სამხედრო დახმარება კიევისთვის, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთში 2014 წლიდან ებრძვის რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს

27 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ განაცხადა, რომ შეტყობინება გაუგზავნა სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს, რათა გადასცეს დოკუმენტები, რომლებიც პრეზიდენტ ტრამპისთვის შესაძლო იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად მოკვლევის პროცედურის ნაწილია.

საიმპიჩმენტო მოკვლევა, თავის მხრივ, დაკავშირებულია ტრამპის მიერ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან 25 ივლისს გამართულ სატელეფონო საუბართან. წარმომადგენელთა პალატამ ასევე გამოაცხადა, რომ გეგმავს გასაუბრებას სახელმწიფო დეპარტამენტის ხუთ ოფიციალურ პირთან, მათ შორის, ვოლკერთან.

თეთრმა სახლმა 25 სექტემბერს გამოაქვეყნა ტრამპისა და ზელენსკის სატელეფონო საუბრის გაშიფრული ტექსტი.

დოკუმენტის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტმა თავის უკრაინელ კოლეგას სთხოვა, გამოძიება ჩაატაროს ტრამპის პოლიტიკური მეტოქის, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტისა და 2020 წლის არჩევნებში დემოკრატების სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის, ჰანტერის წინააღმდეგ, რომელიც უკრაინული ენერგოკომპანიის კონსულტანტი იყო. ტრამპმა უმცროს ბაიდენს კორუფციაში დასდო ბრალი. პასუხად, დემოკრატებმა წარმომადგენელთა პალატაში ტრამპს უფლებამოსილებების გადამეტებაში დასდეს ბრალი და მის წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყეს იმპიჩმენტის გამოცხადების მიზნით.

XS
SM
MD
LG