Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ჯაფარიძე ნაცრისფერი ტაქსით "მუშაობს" და ახალ რეგულაციას არღვევს


ზურაბ ჯაფარიძე, პარტია „გირჩის“ ლიდერი, ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპის დაწყების დღეს, 1 ოქტომბერს, თბილისის ქუჩებში ფერადი ტაქსით გავიდა სამუშაოდ. 1 ოქტომბრიდან ქუჩაში მგზავრის ჩასმა მხოლოდ თეთრი ფერის ტაქსებშია ნებადართული:

ჩემი მანქანა არ არის თეთრი, ძაან შორსაა თეთრიდან. არც შავი არაა, მუქი ნაცრისფერია. მაინტერესებს, როგორ მუშაობს ეს რეგულაცია. ტაქსის ტრაფარეტი მიდგას და ვეცდები, რომ ჩავისვა და ტაქსით მომსახურება გავუწიო და მაინტერესებს, ვინ ახდენს ამის ადმინისტრირებას. ანუ პატრულმა უნდა გამაჩეროს და დამაჯარიმოს იმის გამო, რომ მანქანა თეთრი არ არის, თუ მერიას რომ პატრული ჰყავს, ზედამხედველობის სამსახურმა“, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ „ფეისბუკის“ პირდაპირ რეპორტაჟში. იგი ამბობს, რომ არავის საქმე არ არის, მისი მანქანა რა ფერია, ვის რა მომსახურებას გაუწევს და უაზრობაა სახელმწიფოს ასეთი ჩარევა ადამიანების პირად ცხოვრებაში.

„საქართველოში ტაქსებით მომსახურება დღევანდლამდე იყო ერთ-ერთი ყველაზე იაფი არა თუ რეგიონში, არამედ ზოგადად დედამიწაზე... ძაან მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობდა ტაქსებზე რეგულაციები“, - აღნიშნავს თავის ვიდეოჩართვაში ზურაბ ჯაფარიძე.

დღეიდან, პირველი ოქტომბრიდან, ამოქმედდა ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებს ტაქსების დაყოფას A და B კატეგორიებად.

A კატეგორიის ტაქსი თეთრი ფერის უნდა იყოს. ამ კატეგორიის ტაქსებს მგზავრების აყვანის უფლება ქუჩიდანაც აქვთ. A-სგან განსხვავებით, B კატეგორიის ტაქსები ძირითადად გამოძახებით იმუშავებენ.

თბილისის მერიის ახალი რეგულაციით, ტაქსის მომსახურებას კლიენტებს ვეღარ გაუწევენ სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები. გარდა ამისა, ტაქსით მომსახურება შესაბამისი ლიცენზიის გარეშე 200 ლარით ჯარიმდება.

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განმარტებით, ამ დროისათვის ტაქსების 24 %-ია A კატეგორიაში, ხოლო დანარჩენის კატეგორიზაციის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG