Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს ჭიათურაში პოლიციელის მიერ მუშის ცემას უარყოფს


მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ჭიათურაში ადგილობრივი პოლიციის უფროსმა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მუშას სცემა, შსს განმარტებას ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მადნის გადამამუშავებელი ქარხნის მუშა, 1965 წელს დაბადებული ზ.ჩ., პოლიციელების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მათი კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

მანამდე საინფორმაციო სააგენტო „2020 ნიუსი“ იტყობინებოდა, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციის უფროსი ფილიმონ აბრამიშვილი, ორ მოადგილესთან ერთად, რომელთაგან ერთ-ერთი ლევან ჯაფარიძეა, საწარმოში მივიდა და რამდენიმე დღის წინ დაკარგული „ძრავის“ მოძებნას ითხოვდა. იგი მუშებს აიძულებდა, ეს დეტალი მისთვის სასწრაფოდ ეჩვენებინათ, ამ დროს ერთ-ერთ მუშას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მუშის ცემის ფაქტს, რადიო თავისუფლებასთან ტყუილს უწოდებენ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზში“, კომპანიაში აცხადებენ, რომ მუშა არ უცემიათ.

შსს-ს ცნობით, „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, სამართალდამცველები ჭიათურაში, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მადნის გადამამუშავებელი ქარხნის ე.წ. „ცდფ“-ის ტერიტორიაზე მომხდარი ელექტროძრავების ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებდნენ, რა დროსაც ამავე კომპანიის თანამშრომელმა - ზ.ჩ.-მ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული პირი არ დაემორჩილა სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას დაეცვა წესრიგი, რის გამოც იგი ადმინისტრაციული წესით ადგილზე დააკავეს“.

დაკავებული ზ.ჩ. სასამართლოში გადაიყვანეს.

„გამოძიება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ან ამ პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG