Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NATO-ს წევრი ქვეყნების ელჩები არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ


ალიანსის ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს (NAC) დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში NATO-ს წევრი ქვეყნების ელჩები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ბათუმში შეხვდნენ.

„სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ შეხვედრაზე მან საარჩევნო რეფორმის გამოწვევების შესახებ ისაუბრა.

„ვისაუბრე გასულ 2018 წლის არჩევნებზე, სადაც გამოჩნდა სერიოზული პრობლემები და ხარვეზები. ვისაუბრე იმაზე, თუ რამდენად არის პოლიტიკური ნება, რომ ეს ხარვეზები გამოსწორდეს და რამდენად არის ნება, რომ ეუთოს რეკონედაციები იყოს გათვალისწინებული. უნდა ვთქვა, რომ ძალიან მაღალი ინტერესი იყო NATO-ს ქვეყნების წარმომადგენლების მხრიდან. განსაკუთრებით ბევრი შეკითხვა დაისვა არჩევნებზე საუბრისას. ეს კი ცხადად ადასტურებს, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ იმას, თუ როგორ გაიმართება ქვეყანაში არჩევნები და როგორი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მათ შორის NATO-ში ინტეგრაციის კონტექსტში სწორედ დემოკრატიულ სამართლიან გარემოში 2020 წლის არჩევნების ჩატარებას და ასევ წინასაარჩევნო გარემოს", - ამბობს მიხეილ ბენიძე.

არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართულ ესწრებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე.

როგორც ანა დოლიძე ამბობს, ელჩებთან ისაუბრეს საქართველოში რეფორმების მდგომარეობაზე, კორუფციაზე, ქვეყნის უსაფრთხოების მდგომარეობაზე და სხვ.თავად დოლიძე აღნიშნავს, რომ ილაპარაკა სასამართლო სისტემის შესახებ.

„სასამართლო ხელისუფლებაზე საუბრისას ვთქვი, რომ აუცილებელი თვითონ NATO-ს ორგანოები პირდაპირ ჩაერიონ, რომ „ქართულმა ოცნებამ" ეს ოცი კანდიდატი უზანაესს სასამართლოში არ დანიშნოს. მეტიც, ვთქვი რომ „ქართული ოცნების" მხრიდან ოცი კანდიდატის დანიშვნა იქნება კატასტროფა და სასამართლო ხელისუფლების სრული მონოპოლიზაცია. ანუ, როგორც ვენეციის კომისიის, როგორც ეუთო-ს და როგორც ევროსაბჭოს, NATO-ს ხმაც გვჭირდება, რომ გააგებინონ „ქართულ ოცნებას", რომ ამის გაკეთება არ შეიძლება. მიზანი იყო, რომ მათ კრიტიკული ხმები გაეგოთ თუ რა ხდება საქართველოში რეფორმების კუთხით", - თქვა ანა დოლიძემ.

ალიანსის ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს (NAC) დელეგაცია საქართველოში 3 ოქტომბერს ჩამოვიდა. დელეგაციაში შედიან ალიანსის 29 წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები. NATO-საქართველოს კომისიის სხდომისა და პრემიერთან შეხვედრის გარდა, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, პარლამენტის წევრებთან.

XS
SM
MD
LG