Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონგრესის კომიტეტებმა თეთრი სახლისგან გამოითხოვეს ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებული დოკუმენტები


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სამმა კომიტეტმა, რომლებსაც დემოკრატები უდგანან სათავეში, თეთრ სახლს გაუგზავნა უწყება და გამოითხოვა დოკუმენტები, რომლებიც დაკავშირებულია დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის თაობაზე გამოძიებასთან.

ზედამხედველობის, დაზვერვისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იძულებული იყვნენ ამ ზომისთვის მიემართათ, ვინაიდან თეთრმა სახლმა არ წარმოადგინა 9 სექტემბერს წერილობით გამოთხოვილი დოკუმენტები.

კონგრესი ცდილობს, მოიპოვოს დოკუმენტები, რომლებიც დაკავშირებულია დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბართან. კერძოდ, მათ აინტერესებთ, ვინ ესწრებოდა ორი ქვეყნის ლიდერების საუბარს.

ანალოგიური უწყება გაეგზავნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს. მისგან მოითხოვენ მისი და ზელენსკის შეხვედრასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს, ასევე ტრამპისა და ზელენსკის სატელეფონო საუბრის ჩანაწერს.

თეთრი სახლის იურისტები აცხადებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტს უფლება აქვს, უგულებელყოს კომიტეტების მოთხოვნები, ვინაიდან წარმომადგენელთა პალატას სრული შემადგენლობით არ დაუჭერია მხარი გამოძიების დაწყებისთვის.

ტრამპის წინააღმდეგ გამოძიება ინიცირებულია წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი დეპუტატების მიერ. ამის მიზეზი გახდა მისი სატელეფონო საუბარი ვოლოდიმირ ზელენსკისთან. საუბრისას ტრამპმა ზელენსკის სთხოვა, გამოძიება ჩაატაროს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის სავარაუდო მეტოქის, ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის წინააღმდეგ.

ტრამპის თქმით, უმცროსი ბაიდენი უკრაინაში კორუფციასთანაა კავშირში. პრეზიდენტის კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ტრამპმა უფლებამოსილებებს გადააჭარბა, როცა შეეცადა კომპრომატი მოეპოვებინა თავის შესაძლო მეტოქეზე. მათი აზრით, ეს იმპიჩმენტის საფუძველი შეიძლება გახდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG