მოქალაქეთა ჯგუფმა, სერვისის გაუმჯობესების მოთხოვნით, 5 ოქტომბერს საპროტესტო მსვლელობა მოაწყო რუსთავში კომპანია "ინტერტრანსის" წინააღმდეგ, რომელიც რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მგზავრებს ემსახურება. აქცია "ინტერტრანსის" ოფისთან დასრულდა.
პლაკატზე გამოტანილი ჰქონდათ მოთხოვნები: "ჩართეთ კონდიციონერი!", "შეაკეთეთ დაზიანებული სავარძლები!", "მძღოლო, ნუ ჩქარობ!".
აქციის მონაწილე გივი შანიძის თქმით, პიკის საათებში პრობლემაა მგზავრთა გადაყვანაც, რადგან კომპანიას, როგორც ჩანს, არ ჰყავს საკმარისი რაოდენობის მიკროავტობუსი.
"მგზავრებს, საშუალოდ, ნახევარი საათი უწევთ ტრანსპორტის ლოდინი, რაც მათ უკმაყოფილებას იწვევს", - განაცხადა გივი შანიძემ.
რუსთავი-თბილისის მიმართულებით და პირიქით მარშრუტს კომპანია "ინტერტრანსი" ემსახურება, რომელსაც ხაზზე ყოველდღიურად, დაახლოებით, 200 მიკროავტობუსი გამოჰყავს. გარდა ამისა, თბილისში მგზავრები გადაჰყავს ათობით მსუბუქ ტაქსის.