Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ილია ჯიშკარიანის მეგობარს ჰქონდა კომუნიკაცია, რომ იქნებ მორიგებულიყვნენ და არ გახმაურებულიყო ეს ამბავი"


დასრულდა თამთა თოდაძის გამოკითხვა, რომელიც „ქართული ოცნების" დეპუტატს, ისნის მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

თოდაძემ პოლიციის შენობა ატირებულმა დატოვა და ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. გამოკითხვის და საქმის დეტალებზე ისაუბრა მისმა ადვოკატმა, „საფარის" იურისტმა თამარ ლუკავამ:

„გამოძიებას ჰქონდა შეკითხვები თამთასთან და თამთას დედასთან, იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ილია ჯიშკარიანის ახლობლების მხრიდან, მისი თხოვნით, როგორც ჩანს, განხორციელდა კომუნიკაცია თამთას დედასთან, შესთავაზეს მორიგება, რომ მომხდარიყო ამ ფაქტის უარყოფა და არ მომხდარიყო გამოძიების შემდგომი წარმართვა“.

თამთა თოდაძის ადვოკატის თქმით, გამოძიებამ შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდეოკამერების ჩანაწერები უკვე დაათვალიერა და შემთხვევის ადგილას მტკიცებულებებიც ამოიღო.

„შემთხვევის ადგილის დათვალიერება მოხდა ძალიან დაგვიანებით, მაშინ როდესაც ფაქტობრივად დალაგებული იყო ოფისი და არ არსებობდა მტკიცებულებები, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მაინც იქნა ამოღებული ოფისიდან ნივთები, რომლებიც არის დაზიანებული და რომლებიც ადასტურებს, რომ რეალურად იქ შემთხვევას ჰქონდა ადგილი. ჩვენი მთავარი მოთხოვნა და მოლოდინი არის ის, რომ მას აუცილებლად წაუყენებენ ბრალს, იმიტომ, რომ საქმეში არის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს ფაქტს“, - განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატის თქმით, იმ პირს, ვისაც თამთა თოდაძის დედასთან ჰქონდა კომუნიკაცია, თავად ხათუნა ოქროპირიძე დაასახელებს მას შემდეგ, რაც გამოძიებას ჩვენებას მისცემს.

ხათუნა ოქროპირიძემ გამოკითხვაზე შესვლამდე გააკეთა კომენტარი და გაიხსენა 30 სექტემბერს მომხდარი შემთხვევა.

„მითხრა, ჩემმა დეპუტატმა სექსუალურად იძალადაო. მერე მე ვუთხარი, ამას კამერით ვიღებ-თქო. წამიგდო წიხლქვეშ და წიხლით მცემაო. ითხოვდა, შემთხვევის ადგილზე წავიდეთ და ვნახოთ რა მოხდაო, მაგრამ არავინ გაინძრა. ნივთმტკიცებების ამოღება მოხდა ღამის 2-დან 3 საათის შუალედში. ყველაფერი დასუფთავებული იყო. ტელეფონი ნაგვის ურნაშიც კი ვერ ვნახეთ. ნამტვრევიც კი ვერ ვნახეთ. ჩემი შვილი ჯერ გათხოვილიც არ არის და რატომ უნდა მიაყენოს მამის ტოლმა შეურაცხყოფა?!“, - განაცხადა ხათუნა ოქროპირიძემ.

თამთას დედა, ამ დროისთვის, ისან-სამგორის პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება და შენობას სავარაუდოდ რამდენიმე საათში დატოვებს.

XS
SM
MD
LG