Accessibility links

საქართველოს ეწვია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი


გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს მეუღლესთან, ელკე ბიუდენბენდერთან და დელეგაციასთან ერთად სამდღიანი ვიზიტით ეწვია. მისი თვითმფრინავი რამდენიმე წუთის წინ დაეშვა თბილისის აეროპორტში.

ეს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის პირველი ვიზიტია პრეზიდენტის რანგში. მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოს ელჩი გერმანიაში ელგუჯა ხოკრიშვილი დახვდნენ.

„გერმანია არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტიტისა და ევროპული, ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძლიერი მხარდამჭერი.

ინტენსიურად ვითარდება ქართულ-გერმანული ურთიერთობები. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ჩვენ ვუმასპინძლეთ გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს, ასევე შედგა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი გერმანიაში და ამჟამად უკვე გერმანიის პრეზიდენტს ვმასპინძლობთ საქართველოში. ეს არის ნიშანი იმისა, რომ გერმანია არის ჩვენი ძალიან ძლიერი მხარდამჭერი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტიტის, ჩვენი ევროპული, ევროატლანტიკური ინტეგტაციის“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

უკვე ხვალ გაიმართება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, სადაც მოეწყობა შეხვედრები პრეზიდენტთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში. საქართველოს და გერმანიის პრეზიდენტები მედიისათვის ერთობლივ განცხადებებსაც გააკეთებენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს და გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი თბილისში ქართველ ბიზნესმენებსაც შეხვდება, კახეთს ესტუმრება და რამდენიმე ადგილობრივ ღვინის ქარხანას დაათვალიერებს.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტი საქართველოში 8 ოქტომბერს დასრულდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG