Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ბესელია: შეუძლებელია იმ ზიანის რეაბილიტაცია, რაც ზარდიაშვილმა "ქართულ ოცნებას" მიაყენა


ეკა ბესელია
ეკა ბესელია

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია, დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის მიერ მანდატის დატოვების გადაწყვეტილების კომენტირებისას, ამბობს, რომ შეუძლებელი იქნება იმ ზიანის რეაბილიტაცია, რაც ვანო ზარდიაშვილმა „ქართულ ოცნებას“ მიაყენა. ეკა ბესელია ამბობს, რომ ვანო ზარდიაშვილს გადაწყვეტილება თავისი ნებით არ მიუღია:.

ეს გადაწყვეტილება მიაღებინეს, რა თქმა უნდა, ზარდიაშვილს, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მიაღებინა. რა თქმა უნდა, ეს ასე არის. რას დაწერს იმ განცხადებაში, საერთოდ არ მაინტერესებს. ის სხვისი დაწერილი ტექსტია. ამიტომ საერთოდ არ შევალ ამ სივრცეში“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ. იგი ამბობს, რომ თავად აპირებს ბოლომდე ამოწუროს დეპუტატის უფლებამოსილება:

„თუ ვინმეს ჩემი მანდატი ანერვიულებს, ვიცი, რომ არიან ადამიანები, ვისაც ეს ანერვიულებს, მინდა მათ ვუთხრა, რომ მე ამ მანდატს, განსხვავებით 2009 წლისგან, როცა მე მანდატი საჯაროდ დავჭერი და პარლამენტში არ შემოვედი, ამ მანდატს ბოლომდე გამოვიყენებ, რომ სასამართლოს კლანი დამარცხდეს. მარტო ზარდიაშვილი კი არა, როგორც მათი ლაქია და დავალებების შემსრულებელი, ეს კლანი დამარცხდეს“, - განაცხადა ჟურნალისტებთან კომენტარში დეპუტატმა ეკა ბესელიამ.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა ვანო ზარდიშვილმა 7 ოქტომბერს დეპუტატის მანდატი დატოვა. ამის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში ზარდიაშვილი წერს, რომ აღმოჩნდა ტალახის სროლის და შავი პიარის სამიზნე. სადეპუტატო მანდატის დატოვებას ის ოჯახის და პოლიტიკური გუნდის ინტერესებზე ზრუნვით ხსნის.

საქართველოს პარლამენტის წევრი, უმრავლესობის დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი საკანონმდებლო ორგანოში 26 სექტემბრის შემდეგ აღარ გამოჩენილა. 26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია და უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების მიზეზი გახდა ვაზო ზარდიაშვილის მიერ წარმოთქმული ფრაზა „ბესელიას მორალი“.

XS
SM
MD
LG