Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა მდინარაძე: ვანო ზარდიაშვილმა თავისით მიიღო გადაწყვეტილება


მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ დეპუტატის მანდატის დატოვების გადაწყვეტილება ვანო ზარდიაშვილმა თავად მიიღო, - „ათასი ტყუილი დააბრალეს და ერთი სიმართლე მაინც შევარჩინოთ ამ კაცს, რომ თავისით მიიღო გადაწყვეტილება“, - მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პარლამენტიდან წასვლის განზრახვის შესახებ ვანო ზარდიაშვილი მას რამდენიმე თვის წინ ელაპარაკა:

„რატომღაც, დროთა განმავლობაში მისი ეს გადაწყვეტილება გაიწელა, მაგრამ ბოლოს თქვა, რომ მის მიმართ წარმართულმა მიზანმიმართულმა „შავმა პიარმა“ პიკს მიაღწია და როგორც მან თქვა, გაუფრთხილდა საკუთარ ოჯახს, გუნდს და ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა ვანო ზარდიშვილმა 7 ოქტომბერს დეპუტატის მანდატი დატოვა. ამის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში იგი წერს, რომ აღმოჩნდა ტალახის სროლის და შავი პიარის სამიზნე. სადეპუტატო მანდატის დატოვებას ის ოჯახის და პოლიტიკური გუნდის ინტერესებზე ზრუნვით ხსნის.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას მტკიცებით, ვანო ზარდიაშვილის სადეპუტატო მანდატის დატოვების გადაწყვეტილება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მიიღო.

26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია და უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების მიზეზი გახდა ვაზო ზარდიაშვილის მიერ წარმოთქმული ფრაზა „ბესელიას მორალი“.

„არც ერთ შემთხვევაში ეს არ უკავშირდება ამ ქალბატონს [ეკა ბესელიას], პირიქით, ამ ქალბატონს რომ უკავშირდებოდეს ჩემი გადადგომა, არ გადავდგებოდი და არ წავიდოდი“, - განაცხადა ჟურნალისტებთან კომენტარში ვანო ზარდიაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG