Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში პატიმრის თვითმკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს ციხის ვიდეოკამერის მეთვალყურეს


სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, საგამოძიებო სამსახურმა ქუთაისის ციხეში პატიმრის თვითმკვლელობის საქმეზე მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისთვის ბრალი წაუყენა ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის სამმართველოს ინსპექტორს. კერძოდ, განცხადების თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნ.მ.-მ სათანადოდ არ განახორციელა სათვალთვალო მონიტორების კონტროლი:

მას თვალთახედვის არიდან გამორჩა ბრალდებულის მიერ ცხაურზე თავის დაკიდების ფაქტი და ამის შესახებ დახმარების აღმოჩენაზე პასუხისმგებელ თანამშრომლებს შეატყობინა 40 წუთის დაგვიანებით. ინსპექტორის ქმედებას შედეგად მოჰყვა ბრალდებული გ.წ.-ს გარდაცვალება.

ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, 2019 წლის 08 ოქტომბერს, ქ-ნი ნ. ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3421-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე. პენიტენციური სამსახურის ინსპექტორი, რომელსაც ბრალი მისი ადვოკატის თანდასწრებით წარედგინა, დანაშაულს აღიარებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ქუთაისის ციხეში 1 ოქტომბერს ძმის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა გ.წ.-მ თავი მოიკლა. მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 30 სექტემბერს შეუფარდა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, გ.წ.-მ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საკნის სარკმლის ცხაურზე, ზეწრის გამოყენებით თავი ჩამოიხრჩო. ამავე განმარტებით, იგი ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

მომხდარის გამო ქუთაისის ციხის დირექტორი 2 ოქტომბერს თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

XS
SM
MD
LG