თბილისის საქალაქო სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის განხილვის დასრულების შემდეგ ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განაცხადა, რომ ბრალდების მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაცვის მხარეს საერთოდ შეეზღუდება თავის დაცვის საშუალება. საქმე ეხება მტკიცებულებას, რომელიც დაცვის მხარემ საზღვარგარეთ მოიპოვა. სასამართლოზე მხარეებმა მოსამართლეს მტკიცებულებების ნუსხა წარუდგინეს:
„ბრალდების მხარის მიერ მოთხოვნილ იქნა დაცვის მხარის მიერ საზღვარგარეთ ჩატარებული მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებების ამორიცხვა. კერძოდ, ამ საქმის მთავარი მოწმეები გამოკითხულ იქნენ საზღვარგარეთ, შესაბამისი საპროცესო კოდექსის დაცვით, ისინი იქ ცხოვრობენ. და ბრალდების მხარემ მოითხოვა ამ მტკიცებულებების ამორიცხვა. გასაგებია, რომ ბრალდების მხარეს ეს მტკიცებულებები საერთოდ, აბსოლუტურად უქარწყლებს იმ ბრალდებას, რომელიც წარმოდგენილი აქვს. და თუკი ეს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მე არც კი ვუშვებ , რომ სასამართლო ამას დააკმაყოფილებს, მაშინ დაცვის მხარეს უფლება საერთოდ შეეზღუდება.
ეს არის მტკიცებულებები, რომლებსაც ჩვენ ამ ხნის მანძილზე ვიძახდით რომ არსებობს, რომელიც ადასტურებს სასესხო ურთიერთობებს, ადასტურებს, რომ არავითარ თაღლითობას და არავითარ ფულის გათეთრებას ადგილი არ ჰქონია და რა თქმა უნდა, ბრალდების მხარე შეეცდება ამ მტკიცებულებების ამორიცხვას. დაველოდებით სასამართლოს“, - განაცხადა ზვიად კორძაძემ, რომელელიც ამბობს, რომ დაცვის მხარე ყველაზე მძიმე სცენარისთვისაც მზადაა. მისივე განმარტებით, დაცვის მხარემ, თავის მხრივ, სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის ერთი მტკიცებულების ამორიცხვა მოითხოვა:
„ეს არის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მიერ წარმოდგენილი გაურკვეველი ანგარიში, რომელიც არ აკმაყოფილებს საპროცესო კოდექსის არანაირ მოთხოვნებს. არ არის მათთვის გადაცემული სრულად მასალები და შესაბამისად აცხადებენ ისინი, რომ საქართველოს კანონმდებლობას არ იცნობენ და ამიტომ გაუგებარია რის საფუძველზე გააკეთეს დასკვნა“,- აღნიშნა ზვიად კორძაძემ.
მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე მსჯელობას სასამართლო 25 ოქტომრის სხდომაზე გააგრძელებს.
გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ადანაშაულებს ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას.
ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს 2019 წლის ივლისში. აგვისტოში სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ. პროკურატურამ ამ ზომას უწოდა „დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ეკვივალენტების დაყადაღება“.
„თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლებს აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული აქვთ 700 000-700 000 ლარის გირაო.