Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტრასბურგის სასამართლომ ირაკლი ბათიაშვილის სასარგებლოდ სახელმწიფოს 3 600 ევროს გადახდა დააკისრა


ირაკლი ბათიაშვილი
ირაკლი ბათიაშვილი

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ სახელმწიფოს მომჩივანის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 3, 600 ევროს გადახდა დააკისრა.

საქმე „ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ეხება მომჩივან ირაკლი ბათიაშვილის უფლებების დარღვევას სისხლის სამართალწარმოებისას, რომელიც მის მიმართ 2006 წელს დაიწყო კოდორის ხეობაში მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფების შესაძლო დახმარების გამო.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, 2006 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ საპოლიციო კონტროლი მოიპოვა კოდორის ხეობაზე, სადაც მოქმედებდა შეიარაღებული დაჯგუფება „მონადირე“. 2006 წლის ივლისში, „მონადირის“ ხელმძღვანელ ემზარ კვიციანის სატელევიზიო მიმართვის შედეგად დაიწყო გამოძიება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 223-ე (უკანონო ფორმირების შექმნა და ხელმძღვანელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) მუხლების საფუძველზე.

საგამოძიებო ორგანოებმა მოიპოვეს ემზარ კვიციანის სატელეფონო საუბრების მოსმენისა და ჩაწერის ნებართვა. მომჩივნისა და ემზარ კვიციანის სატელეფონო საუბრის ჩაწერის შედეგად ირაკლი ბათიაშვილს ბრალი წარედგინა შეიარაღებულ დაჯგუფებასა და ხელისუფლებას შორის კონფლიქტში აფხაზი სეპარატისტების მონაწილეობის თაობაზე ხელისუფლების ორგანოებისთვის შეუტყობინებლობისა და შეიარაღებული დაჯგუფება „მონადირის“ ხელმძღვანელისთვის ინტელექტუალური მხარდაჭერის გამო.

სატელევიზიო კომპანია „რუსთავი 2“-სთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დამონტაჟებული ფორმით იქნა მიწოდებული მოცემულ ორ პირს შორის საუბარი. დამონტაჟებულ ვერსიაში, რომელიც მოცემულმა არხმა გაავრცელა, მომჩივანი და ემზარ კვიციანი მსჯელობდნენ იმის შესახებ, თუ როგორ სთავაზობდა ემზარ კვიციანს აფხაზ სეპარატისტთა ჯგუფი დახმარებას. იმავე ჩანაწერის ის მონაკვეთი კი, სადაც ემზარ კვიციანი ამბობდა, რომ აფხაზებს დახმარებაზე უარი უთხრა, იქნა ამოჭრილი და არ იქნა ტელეარხის მიერ გავრცელებული. აღნიშნული დამონტაჟებული სატელეფონო საუბარი, სხვებს შორის, საფუძვლად დაედო ირაკლი ბათიაშვილისთვის 4-თვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდებას“, - აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ ირაკლი ბათიაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერის დამონტაჟება, რაშიც სახელმწიფო უწყება იყო ჩართული და ამ ფორმით აღნიშნული ჩანაწერის ტელეარხით გავრცელება ემსახურებოდა მომჩივნის დამნაშავედ წარმოჩენას, მისი ბრალის სასამართლოს მიერ დადასტურებამდე, რითაც მისი უდანაშაულობის პრეზუმპცია დაირღვა.

XS
SM
MD
LG