თბილისის საქალაქო სასამართლოში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული საკრებულოს დეპუტატის სასამართლო სხდომა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ გაიმართება.
საკრებულოს ორი მოწვევის დეპუტატი ილია ჯიშკარიანი, ერთი კვირაა მკურნალობის კურსს კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ გადის. ის უარყოფს მისი თანაშემწის, თამთა თოდაძის ბრალდებას სექსუალური ძალადობის შესახებ და ამბობს, რომ "ამ ამბით შოკირებულია".
სისხლის სამართლის საქმე თბილისის საკრებულოს დეპუტატის მიმართ ორი მუხლითაა აღძრული: 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით (გაუპატიურება) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).
როგორც თამთა თოდაძის ადვოკატი, თამარ ლუკავა ეუბნება რადიო თავისუფლებას, პროკურატურამ ილია ჯიშკარიანისათვის გირაოს შეფარდებას მოითხოვა.
დაზარალებულის მხარე ეწინააღმდეგება პროკურატურის მოთხოვნას და მიაჩნია, რომ ილია ჯიშკარიანს პატიმრობა უნდა შეეფარდოს.