Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელ ვაქირში გიორგი უშიკიშვილს, ქეთი დევდარიანს, ეკა გიგაურს და სხვებს ევროპაზე სასაუბროდ ცენტრის კარი არ გაუღეს


ევროინტეგრაციის უპირატესობებსა და რუსული პროპაგანდის საშიშროების შესახებ სასაუბროდ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში 14 ოქტომბერს იმყოფებოდნენ ქეთი დევდარიანი, გიორგი უშიკიშვილი, ზვიად ქორიძე, ეკა გიგაური, ბაია დვალიშვილი, ანა ტყებუჩავა, ლაურა რეხვიაშვილი, გოგა ჩანადირი, დათო ლიკლიკაძე, გიორგი მშვენიერაძე, ანი ჩირაძე და სალომე შარვაძე.

კამპანიის „ძალა ევროპაშია“ მიზანია ანტიევროპული და ანტიდასავლური პროპაგანდისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ის 20-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და კოალიციის „ევროატლანტიკური საქართველოსთვის“ ორგანიზებით დაგეგმილ ღონისძიებებში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მოქალაქეებს ელაპარაკებიან ევროპის შესახებ.

შეხვედრა, რომელიც სოფელ ვაქირში 14 ოქტომბერს ვაქირში იყო დაგეგმილი, არ შედგა.

ცოდნის კაფის წარმომადგენელმა ნანა ბაგალიშვილმა „ფეისბუკზე“ დაწერა, რომ წინასწარი თანხმობის მიუხედავად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვაქირში ახალგაზრდული ცენტრის კარი არ გააღო.

ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიორგი ბიძინაშვილი, რომელიც თელავში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ოფისის ხელმძღვანელია, რადიო თავისუფლებასთან ჰყვება, რომ შეხვედრის შესახებ წინასწარ ინფორმირებული იყო ადგილობრივი ხელისუფლება.

„შეხვედრამდე სამი დღის ადრე იდენტური განწყობებით შეიცვალა მათი დამოკიდებულება. თქვეს, რომ არის სვეტიცხოვლობა (14 ოქტომბერს), დღესასწაულიაო, მორწმუნეები ვართო და სალოცავად მივდივართო. მათ სამუშაოდ არავინ იწვევდა“, - აღნიშნა გიორგი ბიძინაშვილმა და განაგრძო, - „მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლობაზე შეთანხმებულები ვიყავით, როცა ჩავედით, არავინ დაგვხვდა, რწმუნებულებს ტელეფონი გათიშული ჰქონდათ. საბოლოოდ, ვნახეთ ახალგაზრდები, რომლებმაც გვითხრეს, რომ გამგეობის შენობასთან მისულან ადამიანები, რომლებიც ავრცელებდნენ ხმებს, რომ შეხვედრა გაუქმდა და აღარ ჩატარდებაო. ეს დეზინფორმაცია იყო. საბოლო ჯამში შეხვედრა არ ჩატარდა. რამდენიმე ახალგაზრდას ქუჩაში გავესაუბრეთ“.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მადონა ბატიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ როდესაც მას ორგანიზატორები დაუკავშირდნენ, შენობის შესახებ საუბარი არ ყოფილა.

„კვირის ბოლოს აღმოჩნდა, რომ გადაუწყვეტიათ, რომ ვაქირის ახალგაზრდულ ცენტრში უნდა ჩაეტარებიათ შეხვედრა. სამწუხაროდ, ადგილზე არავინ იყო და ვერ ჩატარდა. სხვა დროს დაგეგმონ, სამუშაო საათებში და პრობლემა არ იქნება. რწმუნებულს ჰქონდა დაგეგმილი შაბათი, კვირა, ორშაბათი. მე ნამდვილად არ მიკავია ის პოზიცია, რომ ვინმეს არასამუშაო დღეს სამსახურის საქმეზე გამოსვლა მოვთხოვო. შენობა, რომ სჭირდებოდათ პარასკევს გავიგე“, - გვითხრა მადონა ბატიაშვილმა.

მერის მოადგილის თქმით, ორგანიზატორებმა მას მხოლოდ ხალხის მობილიზებაში დახმარება სთხოვეს, თუმცა ვერც ამ მხრივ დაეხმარნენ. როგორც ბატიაშვილმა თქვა, რწმუნებულებს მერისგან სხვა დავალება აქვთ.

„ღია დიალოგის“ ფარგლებში, რომ დადიან და მოსახლეობას ხვდებიან მთავრობის წარმომადგენლები, ამის ორგანიზებას აკეთებენ და ნამდვილად სხვა რაღაცისთვის მობილიზებას ვერ ვთხოვდით. თუმცა თუ დასჭირდებათ და ჩვენს რწმუნებულებს ეცლებათ, არც ეგ არის პრობლემა“, - ამბობს მერის მოადგილე.

გიორგი ბიძინაშვილის შეფასებით, მერის მოადგილის საუბარი რეალობასთან შეუსაბამოა. მისი თქმით, მოქალაქეების ინფორმირებას სოფლის რწმუნებული შეჰპირდა, ხოლო მუნიციპალიტეტის მერიამ თავიდანვე იცოდა, რომ შეხვედრისთვის სოფელ ვაქირის ახალგაზრდული ცენტრის შენობა იყო საჭირო.

ბიძინაშვილი ამბობს, რომ სწორედ, ახალგაზრდული ცენტრის გააქტიურებისთვის დაიგეგმა შეხვედრა ვაქირში. მისი თქმით, ადგილობრივი მოსახლეობის სურვილით მოწყობილ ახალგაზრდულ ცენტრში ღონისძიებები ნაკლებად ტარდება.

ვაქირის ახალგაზრდული ცენტრის მოწყობაში 100 ათასი ლარი დაიხარჯა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG