Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იცი რატომ მომკლეს? - ვიტალი საფაროვი


საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატი, პარლამენტის თავმჯდომარე და საქართველოს პრეზიდენტი დღეს მიიღებს წერილს, რომელშიც ერთადერთი კითხვაა - იცით რატომ მომკლეს?

ამ კითხვას მათ ვიტალი საფაროვი უსვამს - 25 წლის უფლებადამცველი, რომელიც ერთი წლის წინ, თბილისის ცენტრში, სავარაუდოდ, ეთნიკურ ნიადაგზე მოკლეს.

იცი რატომ მომკლეს? - ვიტალი საფაროვის შეკითხვა დეპუტატებს
please wait

No media source currently available

0:00 0:01:16 0:00

სასამართლომ საფაროვის მკვლელები გაასამართლა ჯგუფურად, განზრახ ჩადენილი და არა ეთნიკურ ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობისათვის და მათ 15-15-წლიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი.

წერილი და ულტრამემარჯვენე ჯგუფების მხრიდან საქართველოში არსებულ საფრთხეებზე ჩატარებული გამოკვლევა ხელისუფლებას ვიტალის მეგობარმა და კოლეგამ, "ჩართულობისა და განვითარების" ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მარჯანიშვილმა მიუტანა.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავიგოთ პარლამენტარების პასუხი, თუ იციან, რატომ მოკლეს ვიტალი საფაროვი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ უმრავლესობას არა აქვს ამ კითხვაზე პასუხი", - უთხრა გიორგი მარჯანიშვილმა რადიო თავისუფლებას.

საკანონმდებლო ორგანოში 150 წერილის მიტანის აქცია-პერფორმანსის მიზანიც სწორედ ეს იყო, რომ ხელისუფლებაში მყოფმა გადაწყვეტილების მქონე რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იცოდეს ერთი მხრივ, საფაროვის მკვლელობის ამბავი და ასევე ის, თუ რეალურად რა საფრთხეები მოდის იმ ულტრამემარჯვენე რადიკალური ჯგუფებიდან, რომლის წევრებადაც მოიაზრებიან საფაროვის მკვლელები.

ვიტალი საფაროვის კოლეგების, მეგობრების და ოჯახის მოთხოვნა უცვლელია - მათ სურთ საფაროვის საქმეს სწორი კვალიფიკაცია მიეცეს.

"ეს პრეცედენტული საქმე იყო, რაზეც სასამართლომ არ გამოიტანა შესაბამისი გადაწყვეტილება. ჩვენ კი მოვითხოვთ, რომ მას სწორი კვალიფიკაცია მიეცეს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ვიტალი სწორედ ეთნიკურ ნიადაგზე მოკლეს", - ამბობს გიორგი მარჯანიშვილი.

2019 წლის ზაფხულში, როდესაც ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე სასამართლო სხდომები იმართებოდა, რადიო თავისუფლებამ საქართველოს პარლამენტის წევრებს ჰკითხა, სმენოდათ თუ არა მათ რამე თბილისის ცენტრში მომხდარი ამ გახმაურებული მკვლელობის თაობაზე - მაშინ უმეტესობის პასუხი იყო არა.

რა იციან პოლიტიკოსებმა საფაროვის მკვლელობის საქმეზე?
please wait

No media source currently available

0:00 0:05:04 0:00

საფაროვის საქმეზე სასამართლო პროცესები ახლა უკვე სააპელაციო სასამართლოში უახლოეს დღეებში დაიწყება - განაჩენი, რომლის თანახმად ვიტალის მკვლელობაში მსჯავრდებულებს 15-წლიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი, ორივე მხარემ გაასაჩივრა.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG