Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის დეპუტატი აბორტსა და სიკვდილით დასჯას შორის განსხვავებას ვერ ხედავს


ალექსანდრე ერქვანია
ალექსანდრე ერქვანია

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ალექსანდრე ერქვანიამ პარლამენტის წინაშე განცხადებით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ოფიციალური მონაცემებით ქვეყანაში ყოველწლიურად 30 000 აბორტი კეთდება, რაც მისი აზრით დაუშვებელია. კერძოდ, დემოგრაფიულ პრობლემაზე საუბრისას, დეპუტატი სიკვდილით დასჯასა და აბორტს ერთმანეთს ადარებს და ამბობს, რომ „ნაყოფის მოკვდინებასა და სხვა სახის მკვლელობას შორის განსხვავება არ არსებობს“. მისივე შეფასებით, ცინიზმია, რომ ქვეყანაში, სადაც სიკვდილით დასჯა აკრძალულია, სახელმწიფო მშობლებს კანონით ანიჭებს საკუთარი შვილების სიკვდილით დასჯის უფლებას:

ცინიზმია, ქვეყნაში მთავარ პრიორიტეტად ადამიანი და მასზე მზრუნველობა იყოს გაცხადებული და მშვიდად ვუყურებდეთ ასიათასობით მუცლადმყოფი ბავშვის დაღვრილ სისხლს“, - განაცხადა ალექსანდრე ერქვანიამ. მისი მოსაზრებით, ქვეყანაში მთავარი განსახილველი საკითხები დღეს გენდერული თანასწორობა და მეტი ქალი პოლიტიკაში კი არ უნდა იყოს, არამედ მთელი რესურსი დემოგრაფიული პრობლემების გადასაჭრელად უნდა იყოს მიმართული:

„ქვეყანაში უნდა აიკრძალოს აზარტული თამაშები, უნდა გამკაცრდეს საემიგრაციო პოლიტიკა, უნდაც აიკრძალოს მამათმავლობისა და გარყვნილებების პროპაგანდა, განსაკუთრებული ყურადღება და დახმარება უნდა გაეწიოთ ორსულ ქალებსა და მრავალშვილიან ოჯახებს“, - აღნიშნა ალექსანდრე ერქვანიამ, რომლის განცხადებაც, ქალთა უფლებების შელახვის გარდა, გაჯერებული იყო ჰომოფობიური და ქსენოფობიური გამონათქვამებით.

„ზოგი დავით გარეჯს გვედავება, ზოგს თბილისი მიაჩნია თავის ქალაქად, ზოგიც აჭარას თვლის თავის ტერიტორიად. ოკუპანტები აგრძელებენ ჩვენი ტერიტორიების მითვისებას და ცდილობენ ჩვენი ისტორიის გაყალბებასა და დამახინჯებას. ქვეყანაში ვინ სტუმარია და ვინ მასპინძელი, ვეღარ გაიგებ“, - განაცხადა დეპუტატმა, რომლის აზრით, ხელისუფლება სათანადოდ ვერ აფასებს და ვერ აცნობიერებს იმას, რაც,მისი აზრით, ზემოაღნიშნული პრობლემების მოუგვარებლობას შეიძლება მოჰყვეს.

„რად გვინდა დაგებული გზები, გალამაზებული ქალაქები და შენობები, თუ ქართველები აღარ ვიქნებით?“ - აღნიშნა ალექსანდრე ერქვანიამ. მან მთავრობას მოუწოდა, ქვეყანაში საგანგებო დემოგრაფიული მდგომარეობა გამოაცხადოს.

დეპუტატის განცხადებას სხდომათა დარბაზში მსუბუქი ტაში მოჰყვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG