Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა


გიორგი გახარია, ნიკოლ ფაშინიანი
გიორგი გახარია, ნიკოლ ფაშინიანი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრით დაიწყო.

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში გიორგი გახარიას პატივსაცემად დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ქართველ კოლეგას ნიკოლ ფაშინიანმა პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა ყურადღება ორმხრივ კეთილმეზობლურ ურთიერთობასა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილეს:

„მინდა დაგიდასტუროთ, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის, მეტი იმუშაოს იმისთვის, რომ ქართულ-სომხური ურთიერთობები გახდეს კიდევ უფრო ეფექტური, ჩვენი თითოეული მოქალაქის საკეთილდღეოდ.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს, ვთანხმდებით, რომ შეგვიძლია ის კიდევ უფრო განვავითაროთ, რათა მეტი სარგებელი მოვუტანოთ ჩვენს ხალხს, მათ შორის ეკონომიკაში, მშენებლობაში, ინფრასტრუქტურაში, კულტურაში, სპორტში და ყველა მიმართულებით“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანმა საკუთარი პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანა დაასახელა:

„მოხარული ვარ, აღვნიშნო, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა კიდევ უფრო უმჯობესდება ყველა სფეროში. პრემიერ-მინისტრად ჩემი წელიწადნახევრიანი მუშაობის პერიოდში ყველაზე კარგ მიღწევად აღვნიშნავდი სომხურ-ქართული ურთიერთობების მაღალ დონეზე აყვანას, რაც, ვფიქრობ, ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგად, კიდევ უფრო გაუმჯობესდება“, - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები მთავრობების წევრებს შორის გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG