Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელენე ხოშტარია: სუს-ი არის პოლიტიკური პოლიცია


„ვფიქრობ, რომ სუს-ი არის დიდი გამოწვევა ჩვენი სახელმწიფოსთვის და ზოგადად, ასეთი ტიპის უსაფრთხოების სამსახური აღარ უნდა ჰყავდეს ქვეყანას, როგორც ადრე კუდ-ი იყო და ახლა რაღაც სუს-ი. იმიტომ, რომ რეალურად თქვენი მთავარი ფუნქცია არის პოლიტიკური ოპონენტების დევნა, განსხვავებული აზრის დევნა და პოლიტიკური პოლიცია“, – მიმართა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის თანამდებობაზე წარდგენილ გრიგოლ ლილუაშვილს,საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე.

„მე, მაგალითად, ვიცნობ ძალიან ბევრ თქვენს თანამშრომელს აქციებიდან. შეხუმრებულებიც კი ვართ ხოლმე, იმდენად კომიკურია უკვე სუს-ის მოგზავნა, ვითომ, როგორც სტუდენტის სახით. ან მანქანა რომ დგას,ხელს ვუქნევ ხოლმე,„ნუ წუხდებით“,„ჩემზე ნუ იხარჯებით“, „ტერორიზმის საფრთხეებია და ა.შ“, გარდა ამისა, ეს დემოკრატიის თვალსაზრისით კატასტოფაა“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, ეს ყველაფერი ხდება, მაშინ როდესაც არსებობს სერიოზული გამოწვევები ოთხოზორია-ტატუნაშვილის საქმეზე, ასევე მაჩალიკაშვილის საქმეზე, რომელსაც ელენე ხოშტარიას თქმით, სუს-ი ტერორისტს უწოდებს, თუმცა, სერიოზულ არგუმენტებს არ წარმოადგენს ამის დასამტკიცებლად.

„მე არ გთხოვთ ამაზე, პასუხებს, იმიტომ, რომ პასუხი უკვე გაცემულია, თქვენ არ ხართ დაინტერესებული, სახელმწიფო არ არის დაინტერესებული რომ რუსეთი დაისაჯოს ოთხოზორია- ტატუნაშვილთან დაკავშირებით ჩადენილზე. მუხთარლიზე უკვე პასუხი გაცემულია, თქვენ ახლა მართლა გგონიათ, რომ ველოდებით, რომ რაღაც სიახლეს გვეტყვით?“- მიმართა ელენე ხოშტარიამ გრიგოლ ლილუაშვილს.

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი განიხილავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის(სუს) უფროსის თანამდებობაზე წარდგენილი გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას. მანამდე ლილუაშვილი ამ სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

სუს-ის ახალი ხელმძღვანელის არჩევა საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც ამ სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა 2019 წლის სექტემბერში, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა დაიკავა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მთავრობაში. პრემიერ-მინისტრმა სუს-ის უფროსის პოსტზე გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურა პარლამენტს 7 ოქტომბერს წარუდგინა.

XS
SM
MD
LG