Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორდონ სონდლანდი კონგრესის წინაშე გამოდის ტრამპის იმპიჩმენტის თაობაზე


ევროკავშირში აშშ-ის ელჩი გორდონ სონდლანდი ხუთშაბათს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტების წინაშე გამოდის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის თაობაზე გამოძიების ფარგლებში.

მოსმენა დახურულ კარს მიღმა ტარდება, მაგრამ გამოქვეყნდა სონდლანდის შესავალი სიტყვის ტექსტი.

მასში ნათქვამია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებიც უკრაინის მიმართ პოლიტიკისთვის იყვნენ პასუხისმგებელი, ტრამპის პირდაპირი მითითებით უნდა შეეწყოთ ხელი პრეზიდენტის პირად ადვოკატს, რუდი ჯულიანისა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებებისთვის.

სონდლანდის თქმით, ის არ ეთანხმებოდა ამას, მაგრამ არ შეეძლო მითითებების დარღვევა და, გარდა ამისა, მიაჩნდა, რომ ჯულიანის შეეძლო ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ურთიერთობების აწყობა.

დიპლომატის სიტყვებით, ის არ დაფიქრებულა იმაზე, რომ უკრაინის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ჯულიანის შეუძლია წამოჭრას ტრამპის პოლიტიკური ოპონენტის, ჯო ბაიდენის ვაჟის საკითხი.

ადრე მედია წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ სონდლანდი უკრაინის საკითხებში აშშ-ის ყოფილ წარმომადგენელთან, კურტ ვოლკერთან ერთად ცდილობდა, ზელენსკის გაეკეთებინა განცხადება, რომ უკრაინა განაახლებს ბაიდენთან დაკავშირებულ გამოძიებას.

იმპიჩმენტთან დაკავშირებული გამოძიება დაიწყო ეჭვის გამო, რომ ტრამპი ჯულიანისა და დიპლომატების გზით, ასევე პირადად, ახდენდა ზეწოლას უკრაინაზე, რომ ზიანი მიეყენებინა ჯო ბაიდენისთვის.

თავად ტრამპი აცხადებს, რომ დემოკრატების მიერ დაწყებული გამოძიება პოლიტიკური ხასიათისაა და რომ მას არაფერი დაუშავებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG