Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომან გოცირიძე: თუ დავინახეთ, რომ შეწყალების საქმე ჩაფარცხვისკენ მიდის, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს დავიწყებთ


იმ შემთხვევაში, თუ დავინახეთ, რომ საქმე ჩაფარცხვისკენ მიდის, მაშინ დავიწყებთ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს, - განუცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს, ამით ის მსჯავრდებულების შეწყალების საქმეზე პრეზიდენტის გამოკითხვის საკითხს გამოეხმაურა.

რომან გოცირიძის განცხადებით, საქმეში აშკარა დანაშაულის ნიშნები იკვეთება.

„ერთი თვე გავიდა. გამოძიებას კიდევ ვაძლევთ დროს, არ გვინდა ვიჩქაროთ. იმ შემთხვევაში, თუკი დავინახეთ, რომ საქმე ჩაფარცხვისკენ მიდის, მაშინ დავიწყებთ იმპიჩმენტის პროცესს. დანაშაულის ნიშნები აშკარად იკვეთება. ეს პრეზიდენტმა ჩაიდინა, იცოდა თუ არა მან, ან მისი გულგრილობის და არაპროფესიონალიზმის შედეგი იყო, ამას დაადგენს გამოძიება, მაგრამ დანაშაული რომ არის, ამაში ეჭვი არავის ეპარება. შეუძლებელია, რომ მკვლელები, ნარკორეალიზატორები და არასრულწლოვნებთან სექსუალურ კავშირში შემჩნეული ადამიანები გათავისუფლებული ყოფილიყვნენ ერთ დღეს, ერთი ხელის მოსმით. აქ არის ინტერესები და, როგორც წესი, ინტერესები დაკავშირებულია ფულთან“, - განაცხადა გოცირიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს შეიწყალა 34 პატიმარი, მათ შორის, განზრახ მკვლელობის და სხვა მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები. ამ ფაქტით საზოგადოებაში გამოწვეული პროტესტის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა 18 სექტემბერს განაცხადა, რომ შეწყალებაზე მორატორიუმს აწესებს.

19 სექტემბერს, პარლამენტის დეპუტატმა „ევროპული საქართველოდან“ ირმა ნადირაშვილმა გენერალურ პროკურატურაში შეიტანა განცხადება, პატიმართა შეწყალებასთან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას შესაძლო კორუფციული კავშირის გამოსაძიებლად.

გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო. უკვე გამოკითხულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის არაერთი თანამშრომელი, მათ შორის - დიმიტრი გაბუნია და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი.

14 ოქტომბერს, ჟურნალისტებმა პრეზიდენტს ჰკითხეს, ხომ არ იმყოფებოდა პროკურატურაში, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა: „არა, რატომ უნდა ვიყო?“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG