Accessibility links

თადუმაძე: „პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებით არ არსებობს კომპეტენტური ორგანოს დასკვნა


გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ ილაპარაკა „პროგრეს ბანკთან" დაკავშირებულ თემაზე, რომელსაც სავარაუდო კანონდარღვევას უკავშირებენ.

როგორც თადუმაძემ აღნიშნა, ფულის გათეთრების შესახებ, ზოგადად, საჯარო განცხადებებით არ იწყება სისხლის სამართლებრივი დევნა.

„ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით კომპეტენტური ორგანოების დასკვნის საფუძველზე ხორციელდება სისხლის სამართლებრივი დევნა. თუ ასეთი დასკვნა იარსებებს ნებისმიერ ბანკთან დაკავშირებით, იქნება შესაბამისი რეაგირება. დღეის მდგომარეობით, „პროგრეს ბანკთან" დაკავშირებით არანაირი კომპეტენტური ორგანოს განცხადება, დასკვნა არ არსებობს. ბანკები არიან რეგულაციის ქვეშ მყოფი ინსტიტუტები, შესაბამისად, მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება ან რაიმე ოპერაციის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება ხდება მხოლოდ კომპეტენტური ორგანოების მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე”, - განმარტა შალვა თადუმაძემ.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს" და TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ TBC ბანკი მოლაპარაკებული იყო „სოსიეტე ჟენერალთან" ბანკ „რესპუბლიკის" აქციების შეძენაზე, მაგრამ ეროვნულმა ბანკმა ეს ტრანზაქცია გააჩერა ახსნა-განმარტების გარეშე.

„მე ეს გულისტკივილით, თუ საყვედურის ტონით ვთქვი, რომ ამდენი ხანია საქართველოში ვაშენებ და რატომ ხდება ასე. ეს ვუთხარი ივანიშვილს. იქ ითქვა ასეთი რაღაც, თუ „პროგრეს ბანკსაც“ იყიდით, იქნებ ეს გარიგება გამოვიდეს", - ამბობს ხაზარაძე.

როგორც მამუკა ხაზარაძე ამბობს, TBC ბანკმა „პროგრეს ბანკის“ აუდიტი დაიწყო. აუდიტმა კრიტიკულად არასასურველი მდგომარეობა აღმოაჩინა, რამაც მამუკა ხაზარაძესა და TBC ბანკს ფულის გათეთრების ეჭვი აღუძრა. TBC ბანკმა შეიძინა „პროგრეს ბანკის“ მხოლოდ რამდენიმე ჯანსაღი აქტივი, ასევე, ბანკი „რესპუბლიკის" 94%-მდე წილი, 315 მილიონ ლარად.

„პროგრეს ბანკს“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია ეროვნულმა ბანკმა 2016 წლის 19 ოქტომბერს გაუუქმა.

ეროვნული ბანკის წარმომადგენლები ამბობენ, რომ „პროგრეს ბანკიდან“ საეჭვო გადარიცხვებისა და შესაძლო ფულის გათეთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ აქვთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG