Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის თეატრი ქუთაისშია - სამოქალაქო აქტივისტები პროტესტის ნიშნად პერფორმანსს გამართავენ


ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი მოსკოვის თეატრს „ნიკიტას კარიბჭესთან“ („უ ნიკიტსკიხ ვოროტ“) მასპინძლობს. თეატრმა ქუთაისში ორი სპექტაკლი უნდა ითამაშოს - დღეს, 19 ოქტომბერს, წარმოდგენილი იქნება „არ დამივიწყო“, ხოლო 20 ოქტომბერს - „ჩვენი ეზოს სიმღერები“.

მოსკოვის თეატრის გასტროლებს ქუთაისში ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტების უკმაყოფილება მოჰყვა. ორგანიზაციის „რუსეთი ოკუპანტია“ ორგანიზებით დღეს ქუთაისში საპროტესტო აქცია-პერფორმანსი იგეგმება.

როგორც მოძრაობის წარმომადგენლმა ნიკა დეისაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, აქციის ორგანიზატორები საზოგადოებას მიმართავენ, დაგმონ კრემლის პოლიტიკა. ისინი ასევე მოუწოდებენ მოსკოვის დასის მსახიობებსაც, დაგმონ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და თქვან, რომ პუტინის პოლიტიკა მავნებლურია.

ნიკა დეისაძის თქმით, აქციაზე ექნებათ წითელი ბარათები, დაარიგებენ ფლაერებს და სტიკერებს წარწერით „რუსეთი ოკუპანტია“.

ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრის დირექტორმა სულხან გოგოლაშვილმა კი „რეგინფოსთან“ განმარტა, რომ რუსული თეატრი სახალხო დიპლომატიით ცდილობს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას. სულხან გოგოლაშვილის თქმით, მოსკოვის თეატრი ქუთაისში მათი მიწვევით იმ მემორანდუმის ფარგლებში იმყოფება, რომელიც გაფორმებულია რუსეთის, საქართველოს, სომხეთის აზერბაიჯანისა და ბელორუსის თეატრებს შორის.

„ჩვენც დავდივართ სხვა ქვეყნებში, ყველგან, გარდა რუსეთისა, თუმცა, რუსეთის თეატრი მივიღეთ... სამოქალაქო აქტივისტებს თავიანთი საქმე აქვთ, მაგრამ ჩვენ არ ვებრძვით კულტურულ, სპორტულ, ტურისტულ რუსეთს. მაშინ, ამავე მიზეზით ჩვენი მსახიობები, მომღერლებიც არ უნდა ჩადიოდნენ რუსეთში - რეზო გაბრიაძე, ნინო ქათამაძე და სხვები.

ჩვენ გვებრძვის ოკუპანტი რუსეთი. კულტურული რუსეთი არ არის ჩვენი მტერი და სახალხო დიპლომატიით ცდილობენ ურთიერთობების გაღრმავებას, ნორმალიზებას. თუ პროტესტის ფონზე ან შედეგად სპექტაკლი ჩაიშალა, ეს გამოიწვევს ძალიან ცუდ რეზონანსს ჩვენი ქვეყნისთვის, რუსეთსაც გააღიზიანებს, ჩვენი მეგობრებიც - მინსკის, ერევნის, ბაქოს თეატრები გაღიზიანდებიან, ვისთანაც მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული“, - უთხრა „რეგინფოს“ სულხან გოგოლაშვილმა.

მოძრაობის „რუსეთი ოკუპანტია“ წარმომადგენლების საპროტესტო აქცია-პერფორმანსი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის წინ, სპექტაკლის პარალელურად, 19 საათზე დაიწყება.

XS
SM
MD
LG