Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი დაესწრება იაპონიის იმპერატორის ტახტზე ასვლის ცერემონიას


„საქართველოს პრეზიდენტი, მსოფლიო ლიდერებთან და იაპონიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ტოკიოში იაპონიის იმპერატორის, მისი უმაღლესობა ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრება“, - ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

​„საქართველოს პრეზიდენტს სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილი აქვს შეხვედრები, როგორც იაპონიის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან, ასევე ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებთან.

სალომე ზურაბიშვილი შეხვდება: იაპონიის პრემიერ-მინისტრს, შინძო აბეს, უსაფრთხოების ცენტრში კიბერუსაფრთხოების ჯგუფის წარმომადგენლებს, იაპონიის პარლამენტში იაპონიის პარლამენტის მრჩეველთა პალატის პრეზიდენტს, აკიკო სანტოს, იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებს და ტოკიოს მერს იურიკო კოიეკეს. ორმხრივი შეხვედრებიდან კი აღსანიშნავია სალომე ზურაბიშვილის მოლაპარაკებები ავსტრიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ალექსანდერ ვან დერ ბელლენისთან და სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან არმენ სარქისიანთან“, - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტი ტოკიოში ასევე შეხვდება მედიაჰოლდინგ "ფუჯი"-ს აღმასრულებელ დირექტორს, იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს და 2020 წელს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საპატიო პრეზიდენტს.

სალომე ზურაბიშვილი დაათვალიერებს რამდენიმე მუზეუმს, მათ შორის, თანამედროვე ტექნოლოგიების მუზეუმს, ციფრულ მუზეუმსა და მირაიკანის მუზეუმს.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი იაპონიაში ქართულ დიასპორასა და ქართველ სპორტსმენს, ლევან გორგაძეს -ტოჩინოშინს შეხვდება.

საქართველოს პრეზიდენტი იაპონიაში სამუშაო ვიზიტს 25 ოქტომბერს დაასრულებს.

XS
SM
MD
LG