Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიქაუტაძე: ლევან მურუსიძემ გადაწყვიტა, დებატების ფორმით გაეცა პასუხი შავგულიძისთვის


გიგა ბოკერია „ევროპული საქართველოს“ წევრი, 10 წუთის განმავლობაში მოითხოვდა გიორგი მიქაუტაძისგან, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატისგან, შეეფასებინა მოსამართლე ლევან მურუსიძის აქტიურობა წინასაარჩევნო კამპანიისას, როდესაც მოსამართლემ დებატებში გამოიწვია „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი, შალვა შავგულიძე.

გიგა ბოკერია დაინტერესდა, უნდა აფასებდეს თუ არა მოსამართლე წინასაარჩევნო კამპანიისას სხვადასხვა პოლიტიკური ძალების საქმიანობას და იყო თუ არა ეს ქმედება ლევან მურუსიძის წინააღმდეგ დისციპლინარული დევნის დაწყების საფუძველი.

გიორგი მიქაუტაძის თქმით, დისციპლინური დევნის დაწყების საფუძველზე დასკვნებს ვერ გააკეთებს: „საკმაოდ რთული პროცესია დისციპლინური წარმოება“.

მისივე თქმით, შალვა შავგულიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა ლევან მურუსიძის სახელის გამოყენების მცდელობას, რაც არსებითად არასწორი ქმედება იყო და რაც მოითხოვდა მისი მხრიდან პასუხის გაცემას: „ლევან მურუსიძემ გადაწყვიტა, რომ ამ ფორმით გაეცა შავგულიძისთვის პასუხი“.

შალვა შავგულიძისა და ლევან მურუსიძის დებატები ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, 30 აპრილს, გადაცემაში „პირისპირ“ შედგა:

„არ მაინტერესებს ბატონი შალვა რომელ პოლიტიკურ პარტიებს გაუერთიანდა, ეს არის მისი საქმე, მაგრამ, რომ იყენებს ჩემს სახელს და იძახის, რომ მურუსიძის გამო მე გავხდი იძულებული, რომ საქართველოში აღვადგინო სამართლიანობა და გავუერთიანდი ერთ კონკრეტულ პარტიას, ჩემი სახელის ხსენება გახდა ჩემთვის პრობლემა. თქვენ რომ არ გეხსენებინათ ჩემი სახელი, პოლიტიკურ პარტიებს სასამართლო რომ არ გაერიათ პოლიტიკაში, მე ვიქნებოდი მშვიდად, მაგრამ ახლა ჩემი, როგორც ასოციაციის თავმჯდომარის და მოსამართლის ვალდებულებაა, დავიცვა სასამართლო კორპუსი“, - ასე მიმართა ლევან მურუსიძემ შალვა შავგულიძეს ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გიორგი მიქაუტაძეს უსმენს.

მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანია.

არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციური პარტიები გიორგი მიქაუტაძეს სასამართლოში არსებული „კლანის“ წარმომადგენლად მიიჩნევენ და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მის არჩევას.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 23 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 11 კანდიდატს მოუსმინა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს სულ 20 კანდიდატი წარუდგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG