Accessibility links

აზერბაიჯანს მოუწოდებენ, დაუშვას მშვიდობიანი საპროტესტო აქციები


საერთაშორისო ორგანიზაცია "ჰიუმან რაიტს უოჩი" (HRW) აზერბაიჯანის მთავრობას მოუწოდებს, გაათავისუფლოს ყველა დემონსტრანტი, რომლებიც დააკავეს მას შემდეგ, რაც პოლიციამ შაბათ-კვირას ბაქოს ცენტრში ძალადობრივად დაშალა ორი მშვიდობიანი აქცია. ორგანიზაცია ბაქოს ასევე მოუწოდებს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ დემონსტრანტებზე ძალადობის შემთხვევები.

პოლიციამ დააკავა ათობით მშვიდობიანი სამოქალაქო და ოპოზიციის აქტივისტი, სცემა, უხეში ძალის გამოყენებით მოათავსა ავტობუსებში და პოლიციის მანქანებში, - წერს HRW 22 ოქტომბრით დათარიღებულ განცხადებაში.

ნიუ-იორკში განთავსებულ ამ ორგანიზაციას მოაქვს დაკავებული აქტივისტების სიტყვები, რომ მათ ძლიერად სცემეს პოლიციის სადგურზე მიყვანის შემდეგ.

"აზერბაიჯანის მთავრობამ კიდევ ერთხელ სრულად უგულებელყო ხალხის უფლება, გამართოს მშვიდობიანი საპროტესტო აქციები", - ამბობს გიორგი გოგია, Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ასოცირებული დირექტორი.

19 ოქტომბერს 220-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ოპოზიციის აქციაში, რომლის დროსაც 60 დემონსტრანტი დააკავეს. მათგან 42 გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლეს, 18 საქმე კი ადმინისტრაციულ სასამართლოს გადაეგზავნა. აქციამდე ხელისუფლებამ ასევე დააკავა ოპოზიციური პარტიის, სულ მცირე, 10 მაღალი რანგის წევრი.

20 ოქტომბერს პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა 50-60 ადამიანის, ძირითადად ქალების აქცია, რომელიც ოჯახში ძალადობას აპროტესტებდა. რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG