რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება სოფელ ატოცთან ე.წ. სასაზღვრო ღობეების აღმართვას უწოდებს ცალმხრივ მოქმედებას, რომლის მიზანია ე.წ. საზღვრის დარღვევის აღკვეთა.
სააგენტო „რეს“-ი ავრცელებს დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურის განცხადებას, რომლის თანახმად, ოსური მხარის ცალმხრივ მოქმედებას განაპირობებს თბილისის პრინციპული უარი, მონაწილეობა მიიღოს „სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვრის დადგენაში“.
ამავე განცხადებაში საუბარია, მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერზე, დავით ქაცარავაზე, რომელმაც 19 ოქტომბერს, „მისთვის ჩვეული თეატრალური მანერით“ სცადა „სამხრეთოსეთელი მესაზღვრეებისთვის“ ხელის შეშლა და საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულა კრემლის ინტერესების გატარებაში, რის შემდეგაც „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალის გამოყენებით მოახდინა მისი იზოლირება და, ფაქტობრივად, შინაპატიმრობაში აიყვანა“.
დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი აკრიტიკებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასაც, რომელმაც „როგორც ყოველთვის, დააფიქსირა საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების წარმატებული მოქმედებები და საკუთარი წვლილი რეგიონში სტაბილურობის და უსაფრთხოების ხელშეწყობის საქმეში“.
„ეჭვს არ იწვევს, რომ ქაცარავას, ქართველი პოლიციელების და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოქმედებებს შეთანხმებული და წინასწარ დაგეგმილი ხასიათი აქვს და მიმართულია კონკრეტული პოლიტიკური მიზნების მიღწევისკენ. ასევე, იმისკენ, რომ ქართულ მოსახლეობას და საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებს თავს მოახვიონ აზრი, რომ ქართული მხარე მშვიდობის და სტაბილურობის ერთგულია“, - აცხადებენ დე ფაქტო უშიშროების კომიტეტში. მისივე განცხადებით, „ოფიციალური თბილისის და მისი დასავლელი კურატორების აგრესიული ქმედებების შედეგად წარმოქმნილი დაძაბულობის დეესკალაცია შესაძლებელია მხოლოდ სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის ძალის არგამოყენების შეთანხმების ხელმოწერით, სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის და დემარკაციის ორმხრივი კომისიის შექმნით და სამხრეთ ოსეთთან ცივილიზებული სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარებით“.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან 2018 წლის ნოემბერში მონიშნულ ე.წ. საზღვართან ღობეების მონტაჟი 19 ოქტომბერს დაიწყეს და საოკუპაციო ხაზს მიღმა მოაქციეს ატოცელების კუთვნილი 30-40 ჰექტარი მიწა.