Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარკ ზაკერბერგი: რუსეთი, ირანი და ჩინეთი ცდილობენ, ზემოქმედება მოახდინონ აშშ-ის 2020 წლის არჩევნებზე


მარკ ზაკერბერგი
მარკ ზაკერბერგი

ფეისბუკის დამაარსებლისა და ხელმძღვანელის, მარკ ზაკერბერგის თქმით, რუსეთი, ირანი და ჩინეთი ცდილობენ, ზემოქმედება მოახდინონ აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. ამის შესახებ მან NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. რუსეთმა ზაკერბერგის განცხადებას უწოდა „ფეიკ ნიუსი სოცქსელებში“.

ფეისბუკის თანახმად, რუსეთიდან მართული ანგარიშების ქსელი ამერიკელთა შორის მწვავე პოლიტიკურ თემებზე ავრცელებდა მასალებს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ამასთან, ანგარიშების პატრონები აშშ-ის მოქალაქეებად ასაღებდნენ თავს. ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ეს გვერდები დაკავშირებულია რუსეთის „საინტერნეტო კვლევის სააგენტოსთან“, რომელიც „ტროლების ფაბრიკის“ სახელითაა ცნობილი. ვაშინგტონი ამ ორგანიზაციას სდებს ბრალს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიაში ჩარევაში.

რუსეთიდან მართული ყალბი ანგარიშები იყენებდნენ 50 საანგარიშო ჩანაწერს ინსტაგრამზე და ერთს ფეისბუკზე. მათ მიიზიდეს 246 ათასი ხელმომწერი, რომელთა 60% აშშ-ში ცხოვრობს, დააზუსტა ფეისბუკის კიბერუსაფრთხოების განყოფილების ხელმძღვანელმა ნათანიელ გლაიჩერმა.

ასევე დაიბლოკა სამი სხვადასხვა ანგარიში, რომლებიც ირანიდან იმართებოდა. ფეისბუკის ინფორმაციით, შარშან მსოფლიოში 50 მსგავსი ქსელი განადგურდა.

გლაიჩერის თქმით, ირანის ქსელმა 100-ზე მეტი ყალბი და გატეხილი ანგარიში გამოიყენა ფეისბუკსა და ინსტაგრამზე, რომლებიც ასევე ორიენტირებული იყვნენ აშშ-ის მომხმარებლებსა და ჩრდილოეთ ამერიკის ფრანგულენოვან მომხმარებლებზე.

21 ოქტომბერს ფეისბუკმა გამოაქვეყნა აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი გეგმა. კერძოდ, სოცქსელები მოახდენენ იმ მედიასაშუალებების გვერდების მარკირებას, რომლებიც ამა თუ იმ სახელმწიფოს „სარედაქციო კონტროლქვეშ არიან“.

სექტემბრის დასაწყისში „როსკომნადზორმა“ საძიებო სისტემა გუგლს, სოცქსელ ფეისბუკსა და ვიდეოჰოსტინგის პლატფორმა იუტუბს ბრალი დასდო რუსეთის შინაურ საქმეებში ჩარევაში. უწყების აზრით, ისინი პოლიტიკურ რეკლამას ავრცელებდნენ კენჭისყრის დღეს.

XS
SM
MD
LG