ეს არ იქნება ზღაპრები ქალებზე, ეს ნამდვილი ამბები იქნება, რომლებსაც ბავშვები წაიკითხავენ - გამომცემლობა „ზოლიანი კატა“ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით, მალე გამოსცემს ილუსტრირებულ წიგნს, რომელიც ერთგვარი გაგრძელებაა 2013 წელს დასტამბული ღია ბარათების კრებულისა „50 ქალი საქართველოდან“.
ეს ღია ბარათები იმ ქალებზე მოგვითხრობდა, რომლებიც მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების საქართველოში ცხოვრობდნენ, იბრძოდნენ, ქმნიდნენ, ცვლიდნენ. მაშინ - 50 ქალის თავგადასავალი შეგროვდა, თუმცა ბიოგრაფიების მოძიება, დაზუსტება და ქალთა მუზეუმში თავმოყრა დღემდე გრძელდება.
წიგნისთვის საბოლოო სიაზე დიდხანს მსჯელობდნენ - ამორჩევა არ იყო მარტივი. "ზოლიანი კატას" დამფუძნებელი ნიკი თარხან-მოურავი რადიო თავისუფლებას მოუთხრობს, რომ მხატვარი და ხელოვანი ქალების გარდა, ეცადნენ, წიგნში ისეთი ქალების ამბებიც მოხვედრილიყო, რომლებსაც საზოგადოება შედარებით ნაკლებად იცნობს - ქალი მეცნიერების, სპორტსმენების, ექიმების თუ არქიტექტორების ამბები.
„ე.წ. „ტექნიკური“ საგნები ადრე მხოლოდ კაცების პროფესიებად ითვლებოდა. ამიტომაც იყო, რომ ასეთ სფეროებში ცოტა პროფესიონალი ქალი გვყავდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა ვიცოდეთ ვინ იყო, მაგალითად, პირველი ქალი ქირურგი საქართველოში, ვინც სტერეოტიპებიც დაარღვია, საზოგადოებრივ ზეწოლასაც გაუძლო და სხვა გოგოებს მისცა მაგალითი“.
ბავშვებისთვის ადაპტირებულ ტექსტებზე მარიამ ჭანჭალეიშვილი მუშაობს, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის პროგრამის კოორდინატორი. ის ფიქრობს, რომ ამ წიგნის საბავშვო ვერსიით „50 ქალი საქართველოდან“ უფრო სახალხო გახდება.
„ტექსტებზე ამ დრომდე ვმუშაობთ და ვცდილობთ, რომ საინტერესოდ იკითხებოდეს. წიგნში, ალბათ, 30 ქალის ამბავი შევა. ვეცადეთ, რომ თავი მოგვეყარა სხვადასხვა პროფესიის და ეროვნების ქალებისთვის და ძალიან გვინდა, რომ ამ ქალების ამბები სულ ახსოვდეთ“, - გვითხრა მარიამმა.
წიგნის მთავარ გმირებს Holmes & watson-ის არტდირექტორი, მხატვარი სალი ნიკოლაიშვილი ხატავს - სამუშაო პროცესი ჯერ არ დასრულებულა - ილუსტრაციებში, შესაძლოა, მცირე ცვლილებები კიდევ შევიდეს. სტილი ნაპოვნია:
„მართლა რთულია ამდენი ლეგენდარული ქალი დახატო და ეს მრავალფეროვნება აჩვენო. თან ყველა ერთმანეთისგან განსხვავდება. მათ ამბებს ვკითხულობდი, ფოტოებს ვუყურებდი და ისე ვმუშაობდი. ვფიქრობდი, როგორ მიმეგნო კონკრეტული ვიზუალური სტილისთვის, რომელიც ბავშვებს მოეწონებოდათ. ვიფიქრე, რომ ისინი, პირველად მაინც ფერებს შეხედავდნენ. ეს ქალები არ უნდა დამეხატა ძალიან მუქ ფერებში, მიუხედავად ბევრი მათგანის რთული ცხოვრებისა, მაგრამ თან ამ ცხოვრების შტრიხებიც უნდა შემომეტანა. ვნახოთ, ბავშვები რას იტყვიან. როგორ მოეწონებათ. მე მართლა დიდი სიამოვნება მივირე ამ წიგნზე მუშაობისას“.
ეს წიგნი, რომლის სახელზეც ავტორები ჯერ კიდევ ფიქრობენ, მსოფლიო ბესტსელერს, „მეამბოხე გოგონების“, წიგნს გაგახსენებთ, რომელიც უკვე ქართულადაც არის ნათარგნი და ის ბავშვებს ძალიან მარტივად მოუთხრობს იმ ცნობილი ქალების შესახებ, ვინც მსოფლიოში ბევრი რამ შეცვალეს მოდის, მეცნიერების, ტექნოლოგიების,მწერლობის, პოლიტიკის თუ სხვა სფეროებში. ვინც ბევრი იბრძოლა იმისთვის, რომ დაემტკიცებინათ, რომ ქალებს დიდი ამებბის დატრიალება შეუძლიათ.
ახლა ჩვენც გვექნება ჩვენი, საქართველოში მცხოვრები მეამბოხე გოგონების ამბების წიგნი.