რუსეთის სასამართლომ საპატიმროში ყოფნის ვადა 29 დეკემბრამდე გაუგრძელა პოლ უილანს, აშშ-ის ყოფილ საზღვაო ქვეითს, რომელსაც რუსეთის პროკურატურა ჯაშუშობაში სდებს ბრალს.
უილანმა სასამართლოზე განაცხადა, რომ ციხის მეთვალყურემ იარაღი მოუღერა. მოსკოვის ლეფერტოვოს სასამართლომ 24 ოქტომბერს განაცხადა, რომ უილანს საპატიმროში ყოფნა გაუგრძელა 29 დეკემბრამდე. მოსმენების დროს, უილანმა აცილება მისცა მოსამართლეს და პროკურორს და განაცხადა, რომ ისინი სისტემატურად უგულებელყოფენ მის საჩივრებს უფლებების დარღვევის თაობაზე. მისი თხოვნა უარყოფილ იქნა.
სასამართლოს დარბაზში შესვლისას მას ხელში ეჭირა ხელწერილი განცხადება, რომ ის არის უდანაშაულო, და რომელიც შეიცავდა მოწოდებას საერთაშორისო ლიდერების მიმართ,მოითხოვონ მისი გათავისუფლება.
„რუსეთი აცხადებს, რომ ჯეიმს ბონდი დაიჭირა ჯაშუშური მისიის დროს. სინამდვილეში, მათ დააკავეს მისტერ ბინი შვებულებისას, წერია განცხადებაში. „ჩემი უფლებები ირღვევა, ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, სამედიცინო დახმარებაზე უარს მეუბნებიან და ჩემი ქონება მოიპარეს, არ წარმოუდგენიათ ჩემი დანაშაულის დამამტკიცებელი საბუთი, რადგან ის არ არსებობს", წერს უილანი.
49 წლის უილანი, რომელსაც კანადის, ირლანდიის, ასევე ბრიტანეთის მოქალაქის პასპორტები აქვს, რუსეთში დააკავეს შარშან, დეკემბერში ჯაშუშობის ბრალდებით.