Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არქიმანდრიტი ბართლომე ამბობს, რომ ანიტა რაჭველიშვილი არ დაუწყევლია


ანიტა რაჭველიშვილი, არქიმანდრიტი ბართლომე
ანიტა რაჭველიშვილი, არქიმანდრიტი ბართლომე

არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილი უარყოფს საოპერო მომღერლის ანიტა რაჭველიშვილის დაწყევლის ფაქტს და ამბობს, რომ მისი სიტყვები - „რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის“, მომღერლის „გონზე მოსვლას“ და მისი „სიმების შერხევას“ ემსახურებოდა, რათა ბოდიში მოეხადა საზოგადოებისთვის.

ტელეკომპანია „პირველთან“ კომენტარში არქიმანდრიტმა განაცხადა, რომ თუ მომღერალი ბოდიშს მოიხდიდა, თავადაც უკან წაიღებდა თავის სიტყვებს:

„სასულიერო პირები მე არ ვიცი, როგორ იქცევიან ზოგადად. ამ შემთხვევაში მე როგორც მოვიქეცი, ზუსტად განვმარტავ - ეს იყო ჩემს მიერ გამოხატული პოზიცია იმისათვის, რომ რაჭველიშვილი რაღაც პოზიციაზე დამდგარიყო და ბოდიში მოეხადა იმიტომ, რომ ეს არ იყო სწორი პოზიცია მისგან გამომდინარე, თორემ რაჭველიშვილის ხელოვნებასაც პატივს ვცემ და პიროვნულად არანაირი პრობლემა მაგ ადამიანთან არც მაქვს და არც მექნება“, - არქიმანდრიტმა ბართლომე ფირცხალაშვილმა ტელეკომპანია „პირველს“ უთხრა, რომ იგი ანიტა რაჭველიშვილს ცუდს არ უსურვებს და არც დაუწყევლია: „არ მითქვამს, რომ ვწყევლი, არც სურვილი არ იყო, ვთქვი, რომ უშველიდა“, - აღნიშნა მან.

არქიმანდრიტ ბართლომე ფირცხალაშვილის გამონათქვამს ანიტა რაჭველიშვილის მიმართ სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ გამოეხმაურა დეკანოზი თამაზ ლომიძე. მან არქიმანდრიტს ურჩია, „მაღალი ქუდი მოიხადოს“ და „სამარცხვინო სურვილისთვის“ ბოდიში მოუხადოს ანიტა რაჭველიშვილს და საზოგადოებას:

„გამოვიდეს და საჯაროდ, ქრისტიანების წინაშე გულწრფელი ბოდიში მოიხადოს მღვდლისთვის ყოვლად მიუღებელი და სამარცხვინო სურვილისთვის. ასევე პატიება სთხოვოს ადამიანს, ქალს და სახელოვან მომღერალს იმ საშინელი და მდაბიო სიტყვებისთვის. სიტყვა თუ სურვილი, რაც შეიძლება წამოსცდეს საერო ადამიანს, არ ეპატიება მღვდელს“, - აღნიშნავს დეკანოზი თამაზ ლომიძე.

„რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის“, - ამ სიტყვებით უპასუხა არქიმანდრიტმა ბართლომემ ქართველი საოპერო მომღერლის, ანიტა რაჭველიშვილის მიერ ბერა ივანიშვილის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას. არქიმანდრიტის გამოხმაურება მოჰყვა ანიტა რაჭველიშვილის ფეისბუკპოსტს, წარწერას ერთ-ერთი საინფორმაციო საშუალების მის მიერ გაზიარებულ ნიუსზე:

„ვაი შე საცოდაო მართლა. ხალხი შიმშილით ამოხოცა შენმა მამიკომ და გაქურდა საქართველო და შენ ამაზონის ტყე არსად გაგექცეს! ნაძირალა კრეტინი!“

ანიტა რაჭველიშვილმა ბერა ივანიშვილი გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც მომღერალმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ ამაზონის ტყის გადასარჩენად 1,1 მილიონი დოლარის გადარიცხვას გეგმავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG