Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრძელი გზა საქართველოსკენ. რუსი ტურისტები თბილისში შემოვლითი გზებით მიდიან


ავტორი: მუმინ შაკიროვი

სამ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მიმართულებით ფრენები აკრძალა და ორივე მიმართულებით ათასობით მგზავრობა ჩაშალა.

20 ივნისს, თბილისში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტში ტარდებოდა, რუსეთის სახელმწიფო დუმის კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა. ქართულმა საზოგადოებამ ეს შეურაცხყოფად მიიღო, თბილისში მასობრივი პროტესტი დაიწყო. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში აგინა ვლადიმირ პუტინს. რამდენიმე დღის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენა აუკრძალა.

ტურისტული ნაკადი შეწყდა, თუმცა რუსეთის ბევრ მოქალაქეს საკუთარ გეგმებზე უარი არ უთქვამს და სხვა გზების ძიება დაიწყო. რეპორტაჟის გმირები: ოჯახი დომოდედოვოდან: ფინანსისტი რომანი და კოსმეტოლოგი ტატიანა, ბავშვთა ფსიქოლოგი ბალაშიხიდან ვალერია ივანა და სტუდენტი ალინა ზავადა. არც ერთი მათგანი საქართველოში აქამდე არ ყოფილა და პირველად მიემგზავრება ივნისის სკანდალის შემდეგ.

ტატიანა ქართული ღვინის ბიდონით
ტატიანა ქართული ღვინის ბიდონით

რომანი და ტატიანა პატარა ბავშვთან ერთად თბილისში საკუთარი მანქანით წავიდნენ, საქართველოს სამხედრო გზით - ჩრდილოეთ ოსეთისა და ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გავლით. ვალერია საქართველოს დედაქალაქში მოსახვედრად ჯერ სტამბოლში ჩაფრინდა და იქიდან - თბილისში. ალინამ მატარებლის ბილეთი იყიდა ვლადიკავკაზამდე, იქ კი მანქანა იქირავა, რომელმაც ზემო ლარსის გავლით პირდაპირ თბილისში ჩაიყვანა. მე ჩემს გმირებს ვხვდებოდი და ვაცილებდი დომოდედოვოს აეროპორტში, კაზანის სადგურსა და კაშირის ტრასაზე.

დედა და მამა გვეკითხებოდნენ: „ტელევიზორს უყურებდით?“ - ტატიანა იხსენებს თავის მშობლებთან დიალოგს, სანამ ვლადიკავკაზისკენ გზას დაადგებოდნენ. - მე ვკითხე: „რა ხდება იქ?“ დედამ მიპასუხა: „მიტინგი, ლამის ომი დაიწყო, რუსებს ცუდად ეპყრობიან, ფრენები აკრძალეს და ა.შ.“. მე ხომ ტელევიზორს თითქმის არ ვუყურებ.

ტატიანას და მის ქმარს, დმიტრის, დომოდედოვოდან თბილისში ჩასვლისთვის რამდენიმე დღე დასჭირდათ. საქართველოდან ერთი კვირის შემდეგ დაბრუნებულები მიხვდნენ, რომ ადგილობრივების მიმართ დამოკიდებულება კარდინარულად შეეცვალათ და სტერეოტიპებისგან გათავისუფლდნენ.

ალინა ზავადა ჯდება მოსკოვი-ვლადიკავკაზის მატარებელში
ალინა ზავადა ჯდება მოსკოვი-ვლადიკავკაზის მატარებელში

ალინა ზავადას უყვარს მარტო მოგზაურობა. მას პოლიტიკა არ აინტერესებს, თუმცა, რა თქმა უნდა, სმენია ჟურნალისტ გიორგი გაბუნიაზე, რომელმაც პუტინსა და მის მშობლებს პირდაპირ ეთერში აგინა.

რატომ მოიქცა ასე? - აღშფოთებული ამბობს ალინა, - პირადად მას რა გაუკეთა ცუდი რუსეთის პრეზიდენტმა? შეგიძლია არ მოგწონდეს ადამიანი გარკვეული მიზეზების გამო, თუ იცნობ მას, მაგრამ ასე უბრალოდ შეურაცხყოფა მიაყენო ადამიანს…

„მივდივარ ღია გულით, ღია სულით. მზად ვარ შევისწავლო ტრადიციები, ეროვნული სამზარეულო, ძალიან მაინტერესებს“, - ამბობს ალინა. ამასთან, მისივე აზრით, რუსეთმა შეურაცხყოფა არ უნდა ჩაყლაპოს:

„იქნებ სანქციები სწორიცაა. სასჯელი უნდა იყოს. რაც მოხდა, მიუღებელია. ჩვენს ფედერალურ არხზე თავს ამის უფლებას არ აძლევენ“.

ვალერია საქართველოში
ვალერია საქართველოში

ბავშვთა ფსიქოლოგი ვალერია ივანა უბრალოდ ტურისტი არაა - ერთი წლის წინ მან ბოსფორის სრუტე გადაცურა. საქართველოში კი განსატვირთად წავიდა და თავისი დის ქართველ ნათესავებთან დარჩენას აპირებდა. მისი წარმოდგენა საქართველოზე ასეთია:

„ძალიან კარგად მესმის, რა ქვეყანაში მივდივარ. მაქვს რიგი ტანსაცმელი, რომელიც უნდა ჩავიცვა: მუხლს ქვემოთ კაბები, არანაირი ღია მხრები, არანაირი კაშკაშა ფერები. უნდა გვესმოდეს ქვეყნის კულტურული მახასიათებლები. ჩემმა დამ აგატამ გამაფრთხილა, რომ იქ არ შეიძლება ჩაიცვა თეთრი კაბა დეკოლტეთი“.

საქართველოს შესახებ მეგობრებისაგან და სოციალური ქსელებიდან გაიგო, სადაც ბევრს წერენ საჭმელზე, ღვინოზე, სტუმართმოყვარეობასა და ბათუმის სანაპიროებზე. პოლიტიკურმა დისკუსიებმა ვალერიას გვერდი აუარა.

რა გზის გავლა უწევთ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩასასვლელად? მათი ისტორიები ნახეთ მუმინ შაკიროვის რეპორტაჟში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG