Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პარტიის გეგმა აფხაზეთთან დაკავშირებით


თვითაღიარებული აფხაზეთის დელეგაცია, დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრ ადგურ არძინბას მეთაურობით, თურქეთში „პატრიოტული პარტიის“ წარმომადგენელს, დოგუ პერინჩეკოს შეხვდა. „პატრიოტული პარტია“ არასაპარლამენტო პარტიაა, რომელიც მემარცხენე ნაციონალისტური ხედვით გამოირჩევა.

„ეხო კავკაზას“ ჟურნალისტი ვიტალი შარია ამ შეხვედრასთან დაკავშირებით წერს: „დოგუ პერინჩეკომ წარმოადგინა „მეგობრობის გეგმა: შავი ზღვა - ხმელთაშუა ზღვა“. გეგმა შემდეგ პუნქტებს მოიცავს:

1. თურქეთის რესპუბლიკა აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას;

2. რუსეთი და აფხაზეთი აღიარებენ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკას;

3. თურქეთი და ჩრდილოეთი კვიპროსი აღიარებენ ყირიმს, როგორც რუსეთის ტერიტორიას;

4. რუსეთი და აფხაზეთი გამოიყენებენ თავიანთ გავლენას, რათა ბოლო მოეღოს მთიანი ყარაბაღის ოკუპაციას.

უნდა ითქვას, როდესაც პირველ სამ პუნქტს ვკითხულობდი, თანხმობის ნიშნად თავს ვაქნევდი: „კარგი“, „რატომაც არა?“, „ამასაც არა უშავს“, მაგრამ როცა მეოთხე პუნქტს მივადექი (რის გამოც, ალბათ, ეს სქემა შედგა), წავიბორძიკე. მთიანი ყარაბაღის (არცახი) „დეოკუპაცია“, რა თქმა უნდა, ნიშნავდა, რომ ის აზერბაიჯანის შემადგენლობაში უნდა დაბრუნებულიყო. მაგრამ აფხაზებს როგორ შეუძლიათ ამისთვის იბრძოლონ? საქმე მარტო ის არ არის, რომ არცახელები ჩვენი „მოძმე სეპარატისტები“ არიან და არც ის, რომ აფხაზეთში მრავალრიცხოვანი სომხური დიასპორაა, რომელიც შეუძლებელია საკითხის ასე დაყენებამ არ აღაშფოთოს, მთავარი, დარწმუნებული ვარ, შემდეგი კითხვაა: რა ვუყოთ არცახელებს, როდესაც მთიანი ყარაბაღი ბაქოს იურისდიქციაში გადავა? რატომ მოუნდებათ, მათ თავიანთი ნაციონალური ინტერესები „მეგობრობის გეგმას“ შესწირონ? რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, თუ როგორ შეხვდება ამ ამბავს მრავალი მსოფლიო მოთამაშე, რომლისთვისაც ეს ხელსაყრელი არ არის“, - წერს ვიტალი შარია (ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში).

ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ მსგავსი გეგმა შეუძლებელია სერიოზულად აღიქმებოდეს, რადგან თურქეთს აქვს გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვა და საქართველო მისი პარტნიორია.

„თურქეთი არასოდეს ეჭვქვეშ არ დააყენებს საქართველოსთან ურთიერთობას. არ დაუშვებს, რომ მას გრძელვადიანი პერსპექტივის კუთხით გეგმები აერიოს. ეს უბრალოდ გარკვეული პოლიტიკური ძალების „გულის ფხანაა“, მეტი არაფერი“, - განაცხადა მან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG