Accessibility links

არჩილ თალაკვაძე: პარტიათა დაფინანსების და სარეკლამო დროის საკითხზე შეთანხმება მიღწეულია


26 ოქტომბერს საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით სამუშაო შეხვედრას გამართავს კაჭრეთში, სასტუმრო „ამბადასოდორში“.

25 ოქტომბერს თალაკვაძემ განაცხადდა, რომ „ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციებში მოცემულ რამდენიმე ძირითად საკითხზე შეთანხმება მიღწეულია.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, საუბარია მეორე ტურთან დაკავშირებულ რეკომენდაციებზე, სიძულვილის ენაზე, მისი დარეგულირების წესზე და საარჩევნო კამპანიების და პარტიების დაფინანსების წყაროების მონიტორინგზე. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, შეთავაზებულ ვერსიას ეთანხმებიან საერთაშორისო ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოება.

„მივაღწიეთ შეთანხმებებს პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან პარტიების დაფინანსების ახალ მოდელთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს პროპორციულ რეგრესულ მოდელს, სადაც ყველა პოლიტიკური პარტია მიიღებს იმდენ დაფინანსებას, რამდენ ხმასაც მოიპოვებს არჩევნებში“.

მისივე თქმით, ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც შედარებით მცირე მხარდაჭერას მიიღებენ, ამ მექანიზმის თანახმად, უფრო მეტ დაფინანსებას მოიპოვებენ, რათა მოხდეს მცირე და ახალი პოლიტიკური პარტიების წახალისება და კონკურენტუნარიანობის გაზრდა.

არჩილ თალაკვაძემ განაცხდა, რომ შეთანხმება მიღწეულია სარეკლამო დროის განაწილების მხრივაც და მისი სიტყვებით, ეს არის „უფრო სამართლიანი მოდელი“, რომელიც არჩევნებში რეალური პოლიტიკურ შედეგების მქონე პარტიებს აძლევს უფასო სარეკლამო დროს თავის ამომრჩეველთან კომუნიკაციისთვის.

„სარეკლამო დრო ექნებათ პარლამენტში შესულ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც შეაგროვეს არანაკლებ 3% მხარდაჭერა. თუმცა, აქ აქვს რამდენიმე პოლიტიკურ პარტიას ინიციატივა 2%-მდე, რაზეც არ გვაქვს პრინციპული წინააღმდეგობა, თუ ოპოზიციაში იქნება ამაზე კონსენსუსი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საარჩევნო კანონმდებლობაზე მსჯელობა დღესაც გაგრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG