Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაგოდეხში ამომრჩეველთა აქტივობა თითქმის 42 პროცენტია


ლაგოდეხში, აფენის თემში, 4 საარჩევნო უბანზე არჩევნები დილიდან მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არცერთი საჩივარი არ დაწერილა. 15:00 საათის მონაცემებით, ლაგოდეხში ამომრჩეველთა აქტივობა 41.8 პროცენტია. ოთხივე უბანზე 4229 ამომრჩეველია რეგისტრირებული, მათგან 1767-მა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.

საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან ლაგოდეხის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და სააბიუჯეტო ორგანიზაციების სხვა თანამშრომლები. მათი უმრავლესობა არ არის თემის ამომრჩეველი. მაგალითად, საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურია ამბობს, რომ აინტერესებს, როგორ მიმდინარეობს არჩევნები და პროცესს პირადად აკვირდება.

პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი და პარლამენტის დეპუტატი ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ სოფელში მობილიზებულია ადმინისტრაციული რესურსი და იქ იმყოფებიან სუს-ის თანამშრომლებიც კი. ნადირაშვილის თქმითვე, „ეს პროცესი აჩვენებს, თუ რა მდგომარეობაშია ბიძინა ივანიშვილი“.

აფენის თემში ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება 3 კანდიდატს შორის უწევს. „ქართული ოცნების“ კანდიდატია ომარ შველიძე, „ევროპული საქართველოდან“ კენჭს იყრის მალხაზ მელაშვილი, ხოლო დავით ბეგლარაშვილი პარტიამ „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ წარადგინა.

საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება ადიგენის და მარტვილის თითო-თითო თემში.15:00 საათის მონაცემებით, ადიგენში ამომრჩეველთა აქტივობა 41.6 პროცენტია, მარტვილში კი 35.5 %.

არჩევნების მიმდინარეობის პროცესს აკვირდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები.

არჩევნებს სულ 10 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 76 და 1 საერთაშორისო ორგანიზაციის 5 დამკვირვებელი აკვირდება. საარჩევნო ადმინისტრაციაში აკრედიტებულია 15 მედიაორგანიზაციის 221 წარმომადგენელი. არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 37 წარმომადგენელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG