Accessibility links

ტრამპმა დაადასტურა, რომ აშშ-ის ძალებმა სპეცოპერაციისას მოკლეს „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაური, აბუ-ბაქრ ალ-ბაღდადი


აბუ-ბაქრ ალ-ბაღდადი, ექსტრემისტული „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაური, მოკლეს სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ არეალში, აშშ-ის სპეცოპერაციის დროს, დაადასტურა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტირამპმა თეთრ სახლში გამართული პრესკონფერენციისას.

მისი თქმით, გასული ღამე შესანიშნავი იყო მსოფლიოსთვის. მან მადლობა გადაუხადა ოპერაციის მონაწილეებს და მათ, ვინც მხარდაჭერა გაუწია აშშ-ის ძალებს. ტრამპის თქმით, აშშ-ის ძალებმა დანაკარგის გარეშე იმოქმედეს. მან განაცხადა, რომ აშშ-ს სასარგებლო ინფორმაცია მიაწოდეს ქურთთა ძალებმა.

ტრამპმა ოპერაციის დეტალების შესახებ თქვა, რომ აშშ-ის სპეცრაზმი რვა შვეულმფრენით გადაჯდა. აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ოპერაციას თვალს რეალურ დროში ადევნებდა.

ტრამპის თქმით, სროლის დროს დახოცეს ალ-ბაღდადის გარემოცვის მეომრები.

თვითონ „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაური შეეცადა, გვირაბის გავლით მიმალულიყო, მაგრამ დაჭერის შიშით, თავი აიფეთქა. მასთან ერთად დაიხოცნენ მისი მცირეწლოვანი ბავშვები. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, სახლიდან, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, ევაკუირებულ იქნა 11 ბავშვი.

ტრამპის თქმით, ალ-ბაღდადი მოკვდა „როგორც ძაღლი და როგორც მხდალი“. მან მადლობა გადაუხადა რუსეთს, თურქეთს, ერაყს, სირიას და სირიელ ქურთებს ოპერაციაში მხარდაჭერისთვის. ტრამპმა ჩამოთვალა ალ-ბაღდადის ტერორისტების მიერ ჩადენილი დანაშაულები და განაცხადა, რომ ახლა მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახდა.

რუსეთმა, ტრამპის თქმით, ამერიკელ სამხედროებს საჰაერო დერეფანი გაუხსნა. მან ხაზი გაუსვა, რომ ოპერაციის ზუსტი მიზანი პარტნიორებმა არ იცოდნენ. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის დაზვერვას ორი კვირის წინ ამცნეს, სად იმყოფებოდა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი და ოპერაციისთვის მზადება მაშინვე დაიწყეს.

ოპერაცია ჩატარდა სირიის ჩრდილოეთში, იდლიბის პროვინციაში.

ალ-ბაღდადიმ თავის თავს „ისლამური სახელმწიფოს“ „ხალიფა“ უწოდა 2014 წელს მისი ჯგუფის მიერ ერაყის ქალაქ მოსულის აღების შემდეგ. ალ-ბაღდადის ადგილსამყოფელი, „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ სირიისა და ერაყის დიდი ტერიტორიების დაკარგვის შემდეგ, უცნობი იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG