Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ISFED: კოორდინატორების მობილიზებას და ამომრჩევლის აღრიცხვას კვლავ მასშტაბური სახე ჰქონდა


არჩევნების მეთვალყურე ორგანიზაციის, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“(ISFED) განცხადებით, საკრებულოს შუალედური არჩევნების დღეს, შვიდივე საარჩევნო უბანზე „მასიური სახე ჰქონდა ''ქართული ოცნების'' კოორდინატორებისა და აქტივისტების მობილიზების და მათ მიერ ამომრჩევლის აღრიცხვის მანკიერი ტრადიციის გაგრძელებას“.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ლაგოდეხის 25-ე საარჩევნო უბნის მიმდებარედ განთავსებული იყო მაგიდები, სადაც ''ქართული ოცნების'' კოორდინატორები, კენჭისყრის შენობაში შესვლამდე ამომრჩევლებს სიების მეშვეობით აღრიცხავდნენ.

„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, „მსგავსი ქმედებები წარმოადგენს ამომრჩევლის ნების კონტროლს, რაც ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენაზე და შესაძლოა, ამომრჩევლის მიერ აღქმული იქნას, როგორც ირიბი ზეწოლა“.

არჩევნების მეთვალყურე ორგანიზაცია უარყოფითად აფასებს იმ ფაქტს, რომ არაერთი მოწოდებისა და რეკომენდაციის მიუხედავად, საკრებულოს შუალედურ არჩევნებზეც მასშტაბური სახე ჰქონდა პარტიული კოორდინატორების მობილიზებას და ამომრჩევლის აღრიცხვას.

27 ოქტომბერს, ლაგოდეხის, ადიგენის და მარტვილის მაჟორიტარული ოლქების შვიდ საარჩევნო უბანზე ჩატარდა საკრებულოს შაულედური არჩევნები. წინასწარი შედეგებით, გაიმარჯვეს "ქართული ოცნების" კანდიდატებმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG