Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში იწყება მაჟორიტარული სისტემის გასაუქმებლად საჭირო ცვლილებების განხილვა


საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს, 28 ოქტომბერს პირველი მოსმენით განიხილავს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების ორ პროექტს, რომელიც ეხება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას ითვალისწინებს დღეს მოქმედი კონსტიტუცია.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის 93 წევრის მიერ ინიცირებული პროექტით, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა გამრავლდება 150-ზე და გაიყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე.

გარდა ამისა, არჩევნები ჩატარდება ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში, რაც ნიშნავს, რომ მანდატს, ან მანდატებს მიიღებს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მოიპოვებს სულ მცირე ერთი მანდატისთვის საკმარის ხმებს. გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით გადანაწილდება უკეთესი შედეგის მქონე პარტიებზე.

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კონსტიტუციური კანონპროექტი არ ითვალისწინებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას, "რათა დაბრკოლება არ შეექმნას პარტიული სისტემის განვითარებასა და ინსტიტუციონალიზაციას".

პარლამენტი განიხილავს ოცი ოპოზიციური პარტიის მიერ არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის სახელით ინიცირებულ პროექტსაც, რომლის თანახმად, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით და 150 მანდატი განაწილდება იმ პარტიებსა და ბლოკებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3%-ს მაინც.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო არჩევნებისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული საპროტესტო აქციების შედეგად. რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო გამოსვლების მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.

XS
SM
MD
LG