Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკის მინისტრმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხარვეზების გამოსწორება მოითხოვა


საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდა ინფრასტრუქტურის მდგომარეობის გასაცნობად.

სამინისტროს ინფორმაციით, თურნავამ აეროპორტის მოფრენის და გაფრენის ტერმინალები, შენობაში არსებული მაღაზიები და კაფეები, ავიასალაროები და სარეგისტრაციო დახლები დაათვალიერა და უკმაყოფილო დარჩა.

„რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა იმისთვის, რომ აეროპორტმა მოქალაქეებს უკეთესი სერვისი მიაწოდოს. თუმცა, დღეს დავათვალიერე ორივე ტერმინალი და უკმაყოფილო დავრჩი, რადგან კვლავაც ძალიან ბევრი ხარვეზია აღმოსაფხვრელი. ჩვენ ძალიან მკაცრი გაფრთხილება მივეცით „ტავ ჯორჯიას“. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ „ტავ ჯორჯია“ ამჩნევს ამ პრობლემებს და დროულად უზრუნველყოფს მათ გამოსწორებას“, - განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, დაიგეგმა კონკრეტული ღონისძიებები და ხარვეზების გამოსასწორებლად „ტავ ჯორჯიას“ მიეცა გარკვეული ვადა, რომლის ამოწურვის შემდეგ, აეროპორტში მივა და შედეგებს შეამოწმებს.

ნათია თურნავას შეფასებით, მოსაწესრიგებელია ისეთი ელემენტარული ინფრასტრუქტურა, როგორიცაა სველი წერტილები, გაფრენის დარბაზში არსებული მომსახურების ობიექტები, მათ შორის, კაფეები და რესტორნები, რომელთა ინტერიერი კარგა ხანია აღარ პასუხობს შესაბამის სტანდარტებს.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველო ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა და მისი სახე, პირველ რიგში, სწორედ აეროპორტებმა უნდა წარმოაჩინონ.

თურქული კომპანია „ტავ ჯორჯია“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს 2005 წლიდან მართავს.

XS
SM
MD
LG