20 ივნისის საქმეზე დაკავებული კახა ღავთაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა მისთვის2000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდების თაობაზე. დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებამაც გაიზიარა.
დღეს გამართულ სხდომაზე კახა ღავთაძემ დანაშაული აღიარა, თუმცა განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე მარტო იმყოფებოდა და ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობას არ იღებდა.
20 ივნისის საქმეზე ბრალი 28 ოქტომბერს აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ, გოგი ქურდოვანიძემ აღიარა. მან უდავოდ ცნო ბრალდების მტკიცებულებები. აღიარების შემდეგ გოგი ქურდოვანიძის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.
20-21 ივნისის ღამით ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ პირებს გამოძიება სისხლის სამართლის 225-ე მუხლის (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა) მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც, კანონის თანახმად, 4-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
20-21 ივნისის ღამით ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 19 პირი დააკავეს.