Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი: აბასთუმნის ჯამურმა ინვესტიციამ უკვე მილიარდ-ნახევარ ლარს მიაღწია


ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ აბასთუმნის განვითარების პროექტში მისმა მონაწილეობამ კერძო ბიზნესის აქტიური ჩართულობა განაპირობა:

„როგორც კი გაჩნდა აბასთუმნის მასშტაბური განვითარების გეგმა და გარანტია, კერძო ბიზნესი დიდი მონდომებით ჩაერთო პროექტში. შედეგად, აბასთუმანში, ამჟამად მშენებარე მაღალი კლასის ექვსი სასტუმროდან, მე მხოლოდ ერთს - „პარაგრაფს“ ვაშენებ, ხოლო დანარჩენ ხუთს: „რუმსს“, „რედისონს“, „ქრაუნპლაზას“, „რედიქს ჯგუფის“ ორ სასტუმროს - სხვა ქართველი ბიზნესმენები აშენებენ, ისევე, როგორც საშუალო და პატარა ზომის რვა სასტუმროს და ოთხასბინიან საცხოვრებელ აპარტამენტს. უკვე დაიწყო უნიკალური აბანოების აღდგენა, შენდება კაფეები, რესტორნები და სავაჭრო ობიექტები“, - აღნიშნავს 29 ოქტომბერს გამოქვეყნებულ წერილში ბიძინა ივანიშვილი. მისი მონაცემებით, აბასთუმნის ჯამურმა ინვესტიციამ უკვე მილიარდ-ნახევარ ლარს მიაღწია და, შესაძლებლობების ფარგლებში, სახელმწიფოც ცდილობს, არ ჩამორჩეს კერძო ინიციატივას:

გაყავს გზები, აწესრიგებს წყლის და სხვა ინფრასტრუქტურას, დაწყებულია ობსერვატორიის რეაბილიტაცია და სულ მალე გვექნება მსოფლიო დონის ასტროფიზიკური სამეცნიერო ცენტრი. თუმცა, სახელმწიფოსაც სჭიდება თანადგომა და ვინაიდან, მაქვს საშუალება და სურვილი, ვცდილობ, შევუმსუბუქო მას ტვირთი და სამედიცინო თუ სხვა, საზოგადოებრივი დანიშნულების ინფრასტრუქტურის მშენებლობას და აღჭურვას, აბასთუმანში, პირადი სახსრებით ვახორციელებ“, - წერს ბიძინა ივანიშვილი განცხადებაში, რომელშიც იტყობინება, რომ აპირებს წყალტუბოში გამოისყიდოს უკლებლივ ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და მოახდინოს მათი სრული რეაბილიტაცია, კურორტის განვითარების ერთიანი გეგმისა და კონცეფციის ფარგლებში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროექტის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილი მზადაა, ობიექტები გაასხვისოს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე განცხადებაში გამოთქვამს რწმენას, რომ წყალტუბოს განვითარების პროექტში მისი ჩართულობა კერძო ბიზნესსაც წაახალისებს. ბიძინა ივანიშვილი განცხადებაში ამბობს, რომ „საკურორტო კლასტერების“ ნახტომისებურ განვითარებას „მძლავრი კატალიზატორი, ერთგვარი ყინულმჭრელი“ სჭირდება, ამის საუკეთესო მაგალითი კი აბასთუმანია:

„პრაქტიკამ ცხადყო, რომ ათეული წლების განმავლობაში გაპარტახებული და დეპრესიულ ადგილად ქცეული საკურორტო კლასტერების მკვდარი წერტილიდან დაძვრა და მისი ნახტომისებრი განვითარება, სტანდარტული მიდგომით შეუძლებელია. საჭიროა მძლავრი კატალიზატორი, ერთგვარი ყინულმჭრელი, რომელიც მდგრადობას შესძენს პროექტს და საკუთარი მონაწილეობით დააზღვევს სხვის კერძო ინვესტიციას“, - წერს ბიძინა ივანიშვილი განცხადებაში, რომელიც 29 ოქტომბერს გავრცელდა.

XS
SM
MD
LG