Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს ექსპერტი: დეზინფორმაციასთან ბრძოლაში, ფაქტების გადამოწმება დიდწილად არაეფექტიანია


წარმატებულია თუ არა ბრძოლა დეზინფორმაციის წინააღმდეგ, რა როლი აქვს სოციალურ მედიას და რამდენად ეფექტიანია ფაქტების გადამოწმება? ამის შესახებ საუბრობს ელინა ლანგე-იონათამიშვილი, ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის დოქტრინის, კონცეფციისა და ექსპერიმენტის უფროსი ექსპერტი.

ელინა ლანგე-იონათამიშვილი ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის ერთ-ერთი პანელისტია, რომელიც თბილისში 30 ოქტომბერს გაიხსნა. ორდღიანი ფორუმის მონაწილეები განიხილავენ ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და თანამშრომლობის მექანიზმებს, შავი ზღვის რეგიონში საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ჰიბრიდულ გამოწვევებს, ანტიდასავლურ პროპაგანდას და მასთან ბრძოლის ეფექტიან მეთოდებს.

როგორ ილექება დეზინფორმაცია მეხსიერებაში

ელინა ლანგე-იონათამიშვილი განმარტავს, რომ კოგნიტურ ფსიქოლოგიაში არსებობს ორი მიდგომა.

ერთი მიდგომით, ჩვენს მახსოვრობაში რჩება პირველი ინფორმაცია, რომელსაც ვიღებთ. დამტკიცებულია, რომ ადამიანებს არ გვახასიათებს მოვლენის საკვანძო ელემენტების უარყოფა მაშინაც კი, როცა გვეუბნებიან, რომ ეს ინფორმაცია ტყუილია. მეხსიერებაში არსებული ინფორმაციის დაშლა ჩვენი ტვინისგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

ხანდახან, მცდარი ინფორმაციის მეხსიერებაში შენახვა დაკავშირებულია ალტერნატიული ინფორმაციის არარსებობასთან. ჩვენ, სავარაუდოდ, ვიფიქრებთ, რომ მაგალითად, უდანაშაულო ადამიანი დამნაშავეა, თუ მისი უდანაშაულობის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს.

მეორე მიდგომა საუბრობს იმაზე, თუ როგორ ეჯიბრებიან ერთმანეთს ნამდვილი და ყალბი ინფორმაცია ჩვენს მეხსიერებაში. ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს ინტუიციურად - წყაროს, კონტექსტისა და იმის განხილვის გარეშე, თუ სად გვხვდება ინფორმაცია. ამას აძლიერებს დროში შეზღუდვა, კონკრეტული ინფორმაციის მრავალჯერ გამეორება და კონტექსტი. განმეორებადი დეზინფორმაციის უარყოფა გაცილებით რთულია.

ფაქტების გადამოწმება

უნდა ვებრძოლოთ თუ არა განმეორებად დეზინფორმაციას განმეორებადი შესწორებული ინფორმაციით? “ექსპერიმენტები აჩვენებს, რომ ეს არაეფექტიანია”, - ამბობს ელენე ლანგე-იონათამიშვილი და ამატებს - “ასე შეიძლება გაძლიერდეს დეზინფორმაციის გავლენა”.

“თუ გინდათ შეასწოროთ ინფორმაცია, ასეც მოიქეცით, მაგრამ იმედი ნუ გექნებათ, რომ ეს საგრძნობლად დაგეხმარებათ”, - ამბობს ექსპერტი და განაგრძობს: “კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებიც კონსპირაციის თეორიების მომხმარებლები არიან, არ შედიან გვერდებზე, სადაც ფაქტებს ამოწმებენ".

სოციალური მედია

სოციალური მედიის პლატფორმები - ფეისბუკი, ტვიტერი - და ინტერნეტი დიდწილად დაურეგულირებელია. მისაღებია თუ არა რეგულაციები ამ სფეროში? ლანგე-იონათამიშვილის თქმით, მეტი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად რეგულირებაზე უნდა ვისაუბროთ.

“ამასთან, უნდა დავიცვათ ადამიანის უფლებები, რომელთათვის ინტერნეტის თავისუფლება გამოხატვის თავისუფლების ერთადერთი გარანტიაა”, - ამბობს ექსპერტი. მისი აზრით, რაც საზოგადოებას უნდა აღელვებდეს არის არაავთენტური ორგანიზებული ქმედება სოციალურ მედიაში, ანუ ფეისბუკისა თუ ტვიტერის რეალური მომხმარებლების იმიტაცია.

“ვფიქრობ, ციფრულმა ხანამ და სოციალურმა მედიამ უპრეცედენტო შესაძლებლობების კარი გაუხსნა როგორც დეზინფორმატორებს, ისე ინოფომატორებს”, - ამბობს ექსპერტი.

“უნდა მივყვეთ დინებას და გამოვიყენოთ ბენეფიტები”

კვლევის თანახმად - ამბობს ექსპერტი - ლატვიის რუსულენოვანი მოსახლეობა, რომლებიც კრემლის არხებს უყურებენ და ამავდროულად კმაყოფილი არიან ლატვიის ხელისუფლების სერვისებითა და საკუთარი მდგომარეობით, ნაკლებად მოწყვლადი არიან რუსული პროპაგანდის მიმართ.

ელინა ლანგე-იონათამიშვილის აზრით, სოციალური მედია, ყალბი ამბები, რობოტები, ხელოვნური ინტელექტი ნორმალურია: “პირველი ფილმი აშინებდა ხალხს - ეკრანზე მომავალი მატარებელი რომ დაინახეს, ოთახიდან გამოიქცნენ”.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ დემოკრატიული ლიბერალური იდეა დასაცავია.

“კი არსებობენ ცუდი ადამიანები, რომლებიც ქმნიან დიფფეიკს - ტექნოლოგიას, რომელსაც ადამიანის მოძრაობა და სიტყვები გადააქვს მეორე ადამიანზე - რათა მოატყუონ ჩვენი თვალები და ყურები, მაგრამ ასევე არსებობენ კარგი ადამიანები, რომლებიც მუშაობენ დიფფეიკის ამომცნობ ტექნოლოგიაზე… ამიტომ, მგონი, ყველაფერი მშვენივრადაა”.

  • 16x9 Image

    თორნიკე მანდარია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედიაგარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG